Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

მაკა ბოჭორიშვილი: დღეს ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა, უზრუნველვყოთ, რომ მშვიდობა მხოლოდ მისწრაფებად არ დარჩეს, არამედ მომავალი თაობებისთვის იქცეს რეალობად

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საფრანგეთში, ქ. პარიზში, გამართულ „პარიზის მშვიდობის ფორუმში“ მიიღო მონაწილეობა. მინისტრი სიტყვით გამოვიდა მაღალი დონის მრგვალი მაგიდის დისკუსიაში თემაზე - „ბავშვები უპირველეს ყოვლისა: ბავშვებში ინვესტირების აუცილებლობა“.

სიტყვით გამოსვლისას, საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა კონფლიქტების მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებზე, განსაკუთრებით ბავშვთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით. 

„დღევანდელი დისკუსიის მთავარ თემას წარმოადგენს ბავშვები - კონფლიქტების უდანაშაულო მსხვერპლნი, რომელთა არჩევანიც ეს არ ყოფილა. მათი უფლებების დაცვა, ღირსების პატივისცემა და მომავალი უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ამაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ ცალკეულ ქვეყნებს ვერ დაეკისრება. ეს ყველა ჩვენგანის საერთო პასუხისმგებლობაა,“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ვიცე-პრემიერმა საქართველოს გამოცდილებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია დღემდე მძიმე გავლენას ახდენს ადგილობრივ მოსახლეობაზე, განსაკუთრებით კი ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით.

„რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციის შედეგები დღემდე აისახება ბავშვების ცხოვრებაზე, რომელთა ფუნდამენტური უფლებების სერიოზული შეზღუდვები კვლავაც მათი ყოველდღიური რეალობის განუყოფელი ნაწილია,“ - აღნიშნა მინისტრმა.

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, კონფლიქტის პირობებში ბავშვთა დაცვა უნდა განიხილებოდეს არა მხოლოდ როგორც ჰუმანიტარული აუცილებლობა, არამედ როგორც ადამიანის უფლებების დაცვის, უსაფრთხოებისა და მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფის ფუნდამენტური საკითხი.

გამოსვლისას მინისტრმა ასევე ისაუბრა მშვიდობის მნიშვნელობაზე საქართველოსთვის და აღნიშნა, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში კონფლიქტის თავიდან აცილება და მშვიდობის შენარჩუნება ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენდა. ამასთან, მან ხაზი გაუსვა მშვიდობის როლს ქვეყნის განვითარებისა და მომავალი თაობებისთვის უკეთესი შესაძლებლობების შექმნის პროცესში.

„ჩვენმა გამოცდილებამ კიდევ უფრო განამტკიცა რწმენა, რომ მშვიდობა ბრძოლის არარსებობაზე ბევრად მეტია. მშვიდობა ქმნის პირობებს საზოგადოების განვითარებისთვის - განათლებაში, ჯანდაცვასა და სოციალურ მომსახურებებში ინვესტირების, ტექნოლოგიური ინოვაციების ხელშეწყობის და ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის წარმატების მიღწევისა და საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზების შესაძლებლობის უზრუნველყოფით,“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ბავშვებისა და ახალგაზრდების წინაშე არსებულ გამოწვევებზე და აღნიშნა, რომ მოუგვარებელი კონფლიქტების ფასი მხოლოდ ტერიტორიების დანაწევრებითა და პოლიტიკური უთანხმოებებით არ განისაზღვრება. იგი ასევე აისახება ადამიანების ცხოვრებაზე, მათ დაკარგულ შესაძლებლობებსა და მომავლის პერსპექტივებზე.

„საქართველოსთვის მშვიდობა გააზრებული არჩევანია, რომელსაც განსაზღვრავს როგორც ჩვენი ისტორიული გამოცდილება, ისე ჩვენს რეგიონში არსებული კონფლიქტები და უსაფრთხოების გამოწვევები. დღეს ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა, უზრუნველვყოთ, რომ მშვიდობა მხოლოდ მისწრაფებად არ დარჩეს, არამედ მომავალი თაობებისთვის იქცეს რეალობად, რომელშიც თითოეულ ბავშვს, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ექნება შესაძლებლობა, გაიზარდოს უსაფრთხო გარემოში, ისარგებლოს საკუთარი უფლებებით და ჰქონდეს უკეთესი მომავლის შექმნის შესაძლებლობა,“ - აღნიშნა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.

დისკუსიაში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად მონაწილეობდნენ მინისტრები სხვადასხვა ქვეყნებიდან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მაღალი რანგის წარმომადგენლები. დისკუსიას მოდერაციას უწევდა საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ფრანკოფონიისა და საერთაშორისო პარტნიორობის საკითხებში მინისტრი, ელეონორ კარუა.

დანართები

    მსგავსი სიახლეები