Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ მონაწილეობა მიიღო გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს ანგარიშის განხილვაში

2026 წლის 29 ოქტომბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ხათუნა თოთლაძე სიტყვით გამოვიდა გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის პლენარულ სხდომაზე, რომლის ფარგლებშიც განხილულ იქნა მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს ანგარიში.

გამოსვლისას ხათუნა თოთლაძემ მადლობა გადაუხადა მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტს, იუჯი ივასავას, წლიური ანგარიშის წარდგენისთვის და ისაუბრა სასამართლოს მნიშვნელოვან როლზე საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაში, დავების მშვიდობიან გადაწყვეტასა და საერთაშორისო სამართლის განვითარებაში.

მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ერთგულება თავისი სუვერენიტეტის დასაცავად სამართლებრივი და მშვიდობიანი საშუალებების გამოყენებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ვალდებულებების დაცვის მიმართ.

ხათუნა თოთლაძემ ისაუბრა რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის შედეგად გამოწვეულ ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევებზე. ამ კონტექსტში მან ხაზი გაუსვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს, რომლებმაც დაადასტურა რუსეთის ფედერაციის მიერ აღნიშნული რეგიონების ოკუპაცია და მათზე ეფექტური კონტროლის განხორციელება როგორც 2008 წლის აგვისტოს ომამდე, ისე მის შემდგომ პერიოდში, აგრეთვე, რუსეთის პასუხისმგებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევებზე.

გამოსვლის დასასრულს, ხათუნა თოთლაძემ ხაზი გაუსვა სასამართლოს მნიშვნელოვან როლს დავების მშვიდობიანი გადაწყვეტის, საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისა და სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობისა და დიალოგის ხელშეწყობის საქმეში.

დანართები

    მსგავსი სიახლეები