აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ჯეიჰუნ ბაირამოვთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე მედიის წარმომადგენლებისთვის განცხადება გააკეთა.
მინისტრის შეფასებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც მრავალწლიან მეგობრობას, ურთიერთნდობასა და საერთო ინტერესებს ეფუძნება, მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისა და სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის განმტკიცებისთვის.
მაკა ბოჭორიშვილის შეფასებით, 2026 წელი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგითა და ხელშესახები შედეგებით გამოირჩეოდა. ამ კონტექსტში მან აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტის საქართველოში სახელმწიფო ვიზიტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბაქოში ვიზიტისა და ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის შეხვედრის მნიშვნელობა.
საქართველოს ვიცე-პრემიერმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სატრანსპორტო დაკავშირებადობის მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე, მათ შორის, ექვსწლიანი პაუზის შემდეგ ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით სამგზავრო მატარებლის მიმოსვლის აღდგენასა და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მოდერნიზაციის დასრულებაზე. მისი განცხადებით, აღნიშნული პროექტები ხელს უწყობს ხალხთაშორისი კავშირების გაძლიერებასა და რეგიონის სატრანზიტო პოტენციალის ზრდას.
„ეს პროექტი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სამი ქვეყნისთვის, არამედ მას რეგიონული მნიშვნელობა აქვს უფრო ფართოდ, დაკავშირებადობის კონტექსტში. ამ პროექტის სრულად დატვირთვას, რა თქმა უნდა, აქვს ჩვენი ქვეყნებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა იმისათვის, რომ გაიზარდოს სატრანზიტო პოტენციალი,“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრმა ასევე ისაუბრა ენერგეტიკის სფეროში მიღწეულ შეთანხმებებსა და სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე. მან განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის არსებულ სამმხრივ თანამშრომლობაზე და აღნიშნა, რომ მომავალ წელს თბილისში აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მასპინძლობა მნიშვნელოვან შესაძლებლობას შექმნის რეგიონული დღის წესრიგის განსახილველად.
უწყების ხელმძღვანელი ასევე შეეხო სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებას, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობებსა და რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების პერსპექტივებს.
მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველო მიესალმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობებში არსებულ პროგრესს და მიიჩნევს, რომ ურთიერთობების ნორმალიზება და თანამშრომლობის განვითარება განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით.
„საქართველოს პოზიცია ყოველთვის იყო და არის ის, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ რეგიონში სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. რა თქმა უნდა, მივესალმებით იმ პროგრესს, რომელიც შეიმჩნევა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში და მიგვაჩნია, რომ ამ ურთიერთობების ნორმალიზება და თანამშრომლობა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ხელს შეუწყობს ჩვენს რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას და ჩვენი რეგიონის პოტენციალის კიდევ უფრო უკეთ გამოყენებას,“ - აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ამავე კონტექსტში მინისტრმა ისაუბრა TRIPP-ის ინიციატივის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ სამხრეთ კავკასიაში დაკავშირებადობის გაძლიერებისკენ მიმართული ყველა პროექტი მნიშვნელოვანია რეგიონის პოტენციალის სრულად ათვისებისა და მისი ეკონომიკური განვითარებისათვის.
საქართველოს ვიცე-პრემიერის განცხადებით, არსებული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ინტენსიური პოლიტიკური დიალოგი, რეგულარული კონსულტაციები და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე ინფორმაციის მუდმივად გაცვლა.
„სამწუხაროდ, ჩვენს გარშემო არსებული გეოპოლიტიკური მდგომარეობა იმის ფუფუნებას არ გვაძლევს, რომ მშვიდად გავაგრძელოთ ცხოვრება და, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ინტენსიური კონსულტაციები, მუდმივად აზრთა გაცვლა-გამოცვლა რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, განვითარებაზე, და ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცება იმისათვის, რომ ორივე ქვეყანას შეეძლოს კიდევ უკეთესად პოზიციონირება რეგიონში,“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო შუა დერეფნის მზარდ გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას და საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობის როლს რეგიონული სატრანსპორტო-ლოგისტიკური დერეფნების განვითარებაში. მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული პარტნიორობა მყარ შესაძლებლობას ქმნის ეკონომიკური კავშირების გასაძლიერებლად და სამხრეთ კავკასიის სატრანზიტო პოტენციალის სრულად გამოსაყენებლად.
„დღეს შუა დერეფნის განვითარება არის ის გეოპოლიტიკური საჭიროება, რომელიც არსებობს რეგიონში. საქართველოს და აზერბაიჯანს კი აქვს ათწლეულების განმავლობაში უკვე ჩამოყალიბებული, კარგ გამოცდილებაზე დაფუძნებული მეგობრობა, თანამშრომლობა, პარტნიორობა, რომელიც არა მხოლოდ ორი ქვეყნის სასიკეთოდ, არამედ უფრო ფართო რეგიონების სასიკეთოდ შეიძლება იყოს გამოყენებული,“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.