საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში, საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს 2025 წლის ეროვნული ანგარიშის განხილვის შედეგად საქართველოს მიმართ გაცემულ რეკომენდაციებზე საქართველოს პოზიციის ამსახველი დოკუმენტი წარადგინა.
2026 წლის 26 იანვარს ქ. ჟენევაში გაიმართა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მე-4 ციკლის ფარგლებში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს ეროვნული ანგარიშის განხილვა.
განხილვის შედეგად საქართველოსთვის წარდგენილი რეკომენდაციები დამტკიცდა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის სამუშაო ჯგუფის 2026 წლის 30 იანვრის სხდომაზე.
საქართველოს შესახებ ანგარიშის განხილვაში მონაწილეობა მიიღო გაეროს 106-მა წევრმა სახელმწიფომ. მთლიანობაში საქართველომ მიიღო 307 რეკომენდაცია.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ხათუნა თოთლაძის მხრიდან აღინიშნა, რომ ხსენებული რეკომენდაციები სათანადოდ იქნა შეფასებული ხელისუფლების ყველა შტოს ჩართულობით, თითოეულ რეკომენდაციაზე საქართველოს საბოლოო პოზიციის შეჯერების მიზნით, თუ რომელს უჭერს მხარს ქვეყანა და რომელს - არა.
აღნიშნული პროცესის შედეგად, საქართველომ მხარი დაუჭირა 159 რეკომენდაციას. საქართველო მხარს არ უჭერს 148 რეკომენდაციას, მათ შორის საქართველო არ იღებს რეკომენდაციებს რუსეთის ფედერაციისგან, მის მიერ საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაციისა და საოკუპაციო რეჟიმების მხარდაჭერის გამო. საქართველო, ასევე არ იღებს რეკომენდაციებს იმ ქვეყნებისგან რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციას, მათი ე. წ. „დამოუკიდებლობის“ აღიარებით, რაც არის საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების უხეში დარღვევა.
აღსანიშნავია, რომ საკომიტეტო მოსმენას ესწრებოდნენ იმ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პოზიციის ამსახველი დოკუმენტის მომზადებაში.
დოკუმენტის წარდგენის შემდეგ, მინისტრის მოადგილემ ამომწურავად უპასუხა სხდომაზე დასმულ შეკითხვებს.
დასასრულს ხათუნა თოთლაძემ აღნიშნა, რომ საპარლამენტო განხილვების შემდეგ დოკუმენტს მიეცემა საბოლოო სახე და ქვეყნის პოზიცია იმ რეკომენდაციების თაობაზე, რომელთა შესრულების ვალდებულებას აიღებს მომდევნო 5 წლის განმავლობაში, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებულ იქნება გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოსთვის შესაბამის ვადაში.
თავის მხრივ, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა მადლობა გადაუხადა ხათუნა თოთლაძეს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან, აღნიშნული დოკუმენტის მომზადებისა და გაერო-ს სახელშეკრულებო ორგანოების წინაშე საქართველოს ეროვნული ანგარიშების წარდგენის პროცესის ეფექტიანი კოორდინაციისათვის.