გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, ქ. ნიუ-იორკის იელის კლუბში, ნიუ-იორკის მერიასთან ერთად უმასპინძლა უცხოელ კონსულთა საზოგადოების 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას - “დიასპორის ჩართულობისა და გლობალური დიასპორული პოლიტიკის ალიანსის გაძლიერება”.
მაკა ბოჭორიშვილმა სიტყვით მიმართა ღონისძიების მონაწილეებს და საიუბილეო თარიღი მოულოცა უცხოელ კონსულთა საზოგადოებას, რომლის პრეზიდენტი ქვეყანა ამჟამად არის საქართველო.
თავის გამოსვლაში, საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა დიასპორის ჩართულობის მნიშვნელობაზე გლობალური კავშირების გაძლიერებისა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის.
“დიასპორასთან ურთიერთობა ჩვენ საქართველოს საგარეო პოლიტიკისა და განვითარების დღის წესრიგის ცენტრალურ ნაწილად ვაქციეთ”,-განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა გლობალური დიასპორის პოლიტიკის ალიანსის (GDPA) მნიშვნელობასა და როლზე. აღინიშნა, რომ საქართველოს, როგორც ალიანსის თანათავმჯდომარე ქვეყნის მისწრაფებაა გაზარდოს ძალისხმევა განავითაროს დიასპორული ორგანიზაციების როლი ინკლუზიური და მდგრადი საერთაშორისო თანამშრომლობის კონტექსტში.
მაკა ბოჭორიშვილმა ხაზი გაუსვა ქართული დიასპორის სამშობლოსთან კავშირებს.
“მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ქალაქ ნიუ-იორკს, ქალაქს, რომელიც სტუმართმოყვარეობით ხვდება არა მხოლოდ დიპლომატიურ კორპუსს, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ხალხს, მათ შორის ქართველებს, და მათ თავიანთი ოცნებებისა და მისწრაფებების რეალიზებაში ეხმარება.
მადლობა მინდა გადავუხადო ქართული დიასპორის წევრებს.მადლობა, რომ ქართული სული სრულად შემოინახეთ, მიუხედავად იმისა, რომ სამშობლოდან ათასობით კილომეტრის დაშორებით ცხოვრობთ. ”,- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით ასევე მიმართეს საპატიო სტუმრებმა - ქ. ნიუ-იორკის მერის მოადგილემ კამილიე იოსეფ ვაპლაკმა, მერის ოფისის საერთაშორისო ურთიერთობების კომისარმა აისატა კამარამ, ფილიპინების მიგრანტ მუშაკთა სახელწმიფო მდივანმა ჰანს ლეო კადაკმა და საემიგრაციო საკითხებში კომისარმა მანუელ კასტრომ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისა და სხვა სახელმწიფოების მაღალი რანგის ოფიციალური პირები, ქ. ნიუ-იორკში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წევრები და სხვადასხვა ქვეყნების დიასპორების წარმომადგენლები.
უცხოელ კონსულთა საზოგადოება ქ. ნიუ-იორკში დაარსდა 1925 წელს და ამჟამად წარმოადგენს მსოფლიოში ყველაზე დიდ საკონსულო ორგანიზაციას, რომელიც 100-ზე საკონსულო დაწესებულებას აერთიანებს. 2025 წლის ივნისში უცხოელ კონსულთა საზოგადოების პრეზიდენტად არჩეულ იქნა საქართველოს გენერალური კონსული ქ. ნიუ-იორკში მაია ბართაია.