საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრიანება. საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ნატო-ს როლს ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში. ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმები, რომლებიც სრულ თანხვედრაშია ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ ძირითად მოთხოვნებთან და ალიანსის რეკომენდაციებთან, მნიშვნელოვანწილად უწყობს ხელს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების შემდგომ განვითარებას. თავის მხრივ, საქართველო, როგორც ალიანსის ასპირანტი ქვეყანა და მომავალი წევრი, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში.
ნატო-საქართველოს ურთიერთობები 1992 წლიდან იწყება, როდესაც საქართველო შეუერთდა ნატო-ს ჩრდილოატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოს (NACC), რომელიც 1997 წელს შეიცვალა ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭოთი (EAPC - Euro-Atlantic Partnership Council). აღნიშნულ ფორმატში, რომელშიც პარტნიორი და წევრი ქვეყნები სხვადასხვა მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებს განიხილავენ, საქართველო დღემდე აქტიურად არის ჩართული.
1994 წელს საქართველო გახდა ნატო-ს „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ (PfP - Parntnership for Peace) პროგრამის თანამონაწილე. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ალიანსის წევრ და პარტნიორ ქვეყნებში ერთობლივად იმართება სამხედრო წვრთნები და სამეთაურო-საშტაბო სწავლებები. საქართველო ასევე აქტიურად მონაწილეობს აღნიშნული პროგრამის ფარგლებში თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევებთან დაკავშირებულ სხვადასხვა სახის სემინარებსა და კონფერენციებში.
2002 წელს ნატო-ს პრაღის სამიტზე საქართველომ გააკეთა ოფიციალური განაცხადი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, სწორედ ამ დროიდან იწყება საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი.
2004 წლიდან ნატო-საქართველოს თანამშრომლობა უფრო ინტენსიური გახდა. კერძოდ, 2004 წლის 29 ოქტომბერს, ნატო-ს სტანდარტებთან დაახლოების და ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების წარმატებით განხორციელების მიზნით, საქართველო გახდა პირველი პარტნიორი სახელმწიფო, რომელთანაც ალიანსმა დაიწყო ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის (IPAP - Individual Partnership Action Plan) ფორმატში თანამშრომლობა.
2006 წლის 21 სექტემბერს, ნიუ იორკში გამართულ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე ალიანსმა მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოსთან დაეწყო ,,ინტენსიური დიალოგი გაწევრიანების საკითხებზე" (ID-Intensified Dialogue on Membership Issues). აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად საქართველო ფორმალურად გადავიდა პარტნიორობის ფორმატიდან ალიანსის წევრობის კანდიდატობის - ასპირანტის ფორმატზე.
საქართველოს მიერ IPAP-ით აღებული ვალდებულებების წარმატებით განხორციელების და ინტენსიური დიალოგის ფარგლებში თანამშრომლობის პროცესში მიღწეული პროგრესის საფუძველზე, 2008 წლის 3 აპრილს, ბუქარესტის სამიტზე ალიანსმა მიიღო გადაწყვეტილება (Bucharest Summit Declaration), რომ „საქართველო გახდება ნატო-ს წევრი ქვეყანა“. აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ გზავნილს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე.
ნატო-საქართველოს ურთიერთობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ალიანსის მხრიდან გაცხადებული ერთმნიშვნელოვანი პოლიტიკური მხარდაჭერა, რომელიც მოჰყვა რუსეთის ფედერაციის მხრიდან 2008 წლის აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო აგრესიას.
2008 წლის 19 აგვისტოს ბრიუსელში, გაიმართა ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე საგანგებო შეხვედრა, რომელზეც ერთმნიშვნელოვნად იქნა დაგმობილი საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული რუსეთის ფედერაციის ქმედებები. სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ნატო-საქართველოს კომისიის (NGC - NATO Georgia Commission) შექმნისა და 2008 წლის 15-16 სექტემბერს საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის შესახებ (Statement Meeting of the North Atlantic Council at the level of Foreign Ministers held at NATO Headquarters, Brussels).
2008 წლის 15-16 სექტემბერს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საქართველოში გასვლითი ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის დამფუძნებელი სხდომა. 2008 წლის 2-3 დეკემბერს ბრიუსელში, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გამართულ NGC-ის სხდომაზე მოკავშირეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ნატო-საქართველოს კომისია განახორციელებდა ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების იმპლემენტაციის მონიტორინგს, წარმართავდა საქართველოსა და ნატო-ს შორის პოლიტიკურ დიალოგს სხვადასხვა დონეზე და გამოყენებული იქნებოდა, როგორც პრაქტიკული თანამშრომლობის კოორდინაციის მექანიზმი (Chairman’s Statement).
ყოველწლიურად ნატო-საქართველოს კომისიის 10-მდე სხდომა იმართება ისეთ საკითხებზე როგორებიცაა თავდაცვის, უსაფრთხოების, მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებების სფეროებში მიმდინარე რეფორმები, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება.
2008 წლის 2-3 დეკემბერს გამართული ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის უმნიშვნელოვანესი შედეგი იყო საქართველოსთან წლიური ეროვნული პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობის დაწყება. წლიური ეროვნული პროგრამა წარმოადგენს გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) ფაზაზე მყოფი ქვეყნების და ალიანსის პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმს, შესაბამისად, საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი იყო პრაქტიკული თანამშრომლობის ამ ინსტრუმენტის მიღება. შეიძლება ითქვას, რომ MAP-ზე პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების გარეშე, საქართველომ მიიღო ამ ფორმატით გათვალისწინებული გაწევრიანებისთვის აუცილებელი პრაქტიკული ინსტრუმენტი. წლიური ეროვნული პროგრამა წარმოადგენს ერთი წლის მანძილზე ქართული მხარის მიერ დაგეგმილი რეფორმებისა და სხვადასხვა ღონისძიებების დეტალურ ჩამონათვალს, რომელთა ძირითადი მიზანია ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ სტანდარტებთან მიახლოება. ალიანსი ყოველწლიურად ახორციელებს პროგრამის იმპლემენტაციის შეფასებას და შედეგებს განიხილავს ქართულ მხარესთან ერთად. საქართველო ამჟამად რიგით მე-16 წლიური ეროვნული პროგრამის შემუშავების პროცესშია.
ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მიღწეული პროგრესის შესაფასებლად და საქართველოს მხარდაჭერის დემონსტრირების მიზნით, პერიოდულად იმართება ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტები საქართველოში.
2008 წლის სექტემბერში გამართული პირველი ვიზიტის შემდგომ, 2011 წლის 9-10 ნოემბერს ჩრდილოატლანტიკური საბჭო კვლავ ეწვია საქართველოს. ვიზიტის ფარგლებში გამართული ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე მიღებულ იქნა ერთობლივი განცხადება (Joint Statement).
2013 წლის 26-27 ივნისს საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს რიგით მესამე ვიზიტი შედგა.
2016 წლის 7-8 სექტემბერს გაიმართა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მეოთხე ვიზიტი საქართველოში. ვიზიტის ფარგლებში ჩრდილოატლანტიკური საბჭო ეწვია ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს (JTEC).
2019 წლის 3-4 ოქტომბერს საქართველოში, ქ. ბათუმში, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტმიოლერის ხელმძღვანელობით, რიგით მეხუთე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი შედგა. ვიზიტის ფარგლებში გამართულ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე მიღებულ იქნა ერთობლივი განცხადება, რომლის თანახმადაც მოკავშირეებმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს. მოკავშირეებმა მიიღეს გადაწყვეტილება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განახლებისა და გაუმჯობესების შესახებ. ვიზიტის ფარგლებში ისინი ბათუმის პორტს ეწვივნენ, სადაც ხომალდები "დიოსკურია" და „ოჩამჩირე“ მოინახულეს და ნატოს ოპერაციათა კონცეფციის შესაძლებლობების (OCC) პროცესში ჩართული სანაპირო დაცვის აბორდაჟის ჯგუფებს შეხვდნენ.
საქართველოს ალიანსში ინტეგრაციასთან დაკავშირებული თემატიკა მუდმივად განიხილება ნატო-ს სამიტებისა და მინისტერიალების ფარგლებში და აისახება შესაბამის დოკუმენტებში.
მნიშვნელოვანი იყო 2011 წლის 15 აპრილს საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ბერლინში გამართული ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ალიანსისა და საქართველოს ურთიერთობის ისტორიაში პირველად მიღებული ერთობლივი განცხადება (Joint Statement) საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე. განცხადებაში მოკავშირეებმა გამოხატეს ალიანსის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ
2011 წლის 7 დეკემბერს ნატო-ს შტაბ-ბინაში გაიმართა ალიანსის წევრი-ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა საქართველოსთვის. მინისტერიალის გადაწყვეტილების თანახმად, საქართველო ფორმალურად მოხსენიებულ იქნა ასპირანტ ქვეყნად, მონტენეგროსთან, ბოსნია-ჰერცეგოვინასთან და იუგოსლავიის ყოფილ რესპუბლიკა მაკედონიასთან ერთად (Final Statement). აღნიშნულ კონტექსტში ასევე მნიშვნელოვანია 2012 წლის 20-21 მაისს ნატო-ს ჩიკაგოს სამიტის ფარგლებში გამართული ასპირანტი ქვეყნების შეხვედრა ალიანსთან საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე 28+4 ფორმატში. აღნიშნული შეხვედრა კიდევ ერთი დადასტურება იყო ალიანსის მხარდაჭერის ასპირანტი ქვეყნების მისწრაფების მიმართ.
ჩიკაგოს სამიტისას ალიანსის წევრმა ქვეყნებმა ცალსახად დაადასტურეს ბუქარესტის გადაწყვეტილების ურყევობა და საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა. სამიტზე მოკავშირეებმა ასევე ხაზი გაუსვეს, რომ საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის პროცესის შემდგომი გაღრმავებისთვის გადამწყვეტი იქნებოდა 2012 და 2013 წლებში დაგეგმილი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების მაღალი სტანდარტების შესაბამისად ჩატარება.
2014 წლის 4-5 სექტემბერს ნატო-ს უელსის სამიტზე მიღებულ იქნა საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება "არსებითი პაკეტის" შემუშავების შესახებ, რომლის მთავარი მიზანია საქართველოს მომზადება გაწევრიანებისთვის და ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარება. უელსის სამიტის დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ნატო-სა და საქართველოს უკვე აქვთ ურთიერთქმედების საჭირო მექანიზმები, რომლებიც ქვეყანას მიიყვანს საბოლოო მიზანთან - ალიანსის წევრობასთან. მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ნატო-ს მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის მიმართ და გამოხატეს შეშფოთება რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლური ნორმების უგულებელყოფით, ევროპული უსაფრთხოების მექანიზმების დარღვევით, ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების ხელშეკრულების შეუსრულებლობით, საქართველოსა და მოლდოვის მიმართ მისი ქმედებებით, რაც საფრთხეს უქმნის ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებას და გავლენას ახდენს შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობაზე. მოკავშირეებმა ასევე მოუწოდეს რუსეთს, გაიყვანოს "შეიარაღებული ძალები საქართველოდან" და აიღოს ძალის არგამოყენების ვალდებულება (Wales Summit Declaration).
ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის აქტუალურობის კიდევ ერთი დადასტურება იყო უელსის სამიტის ფარგლებში, ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ასპირანტი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან 28+4 ფორმატში.
უელსის სამიტზე საქართველო მოწვეულ იქნა "პარტნიორობის თავსებადობის ინიციატივასა" და "გაძლიერებული შესაძლებლობების ჯგუფში".
მნიშვნელოვანი იყო 2015 წლის 5 თებერვალს ნატო-ს შტაბ-ბინაში გამართული ნატო-საქართველოს კომისიის (NGC) სხდომა თავდაცვის მინისტრების დონეზე, რომელზეც მიღებულ იქნა ერთობლივი განცხადება (Joint Statement). განცხადებაში დაფიქსირებულია არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში მიღწეული წარმატება და ხაზგასმულია საქართველოს, როგორც ასპირანტი ქვეყნის მიერ რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით მიღწეული პროგრესი, ნატო-ს ოპერაციებსა და ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში ქვეყნის მიერ შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდა ნატო-ს. ერთობლივ განცხადებაში დაგმობილია რუსეთის მიერ სოხუმის საოკუპაციო რეჟიმთან ხელმოწერილი ე.წ. ხელშეკრულება და გამოთქმულია შეშფოთება სამხრეთ ოსეთთან მსგავსი ე.წ. ხელშეკრულების გაფორმებისთვის მზადებასთან დაკავშირებით.
2015 წლის 1-2 დეკემბერს ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიღებულ იქნა განცხადება „ღია კარის“ პოლიტიკასთან დაკავშირებით ალიანსის წევრებმა კვლავ დაადასტურეს ერთგულება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების მიმართ, რომლის თანახმად, საქართველო გახდება ნატო–ს წევრი ქვეყანა. მნიშვნელოვანია, რომ მოკავშირეების მიერ პირველად მოხდა საჯაროდ იმის დადასტურება, რომ საქართველოს გააჩნია ყველა პრაქტიკული მექანიზმი ნატო–ს წევრობისთვის მოსამზადებლად. რაც შეეხება „წევრობის სამოქმედო გეგმას“ (MAP), იგი ფაქტიურად ხდება საქართველოს ნატო–ში გასაწევრიანებლად მიწვევის თაობაზე მისაღები პოლიტიკური გადაწყვეტილების ნაწილი.
2016 წლის 8-9 ივლისს გამართული ნატო-ს ვარშავის სამიტის ფარგლებში პირველად გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა (საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე). სხდომაზე მიღებულ იქნა ერთობლივი განცხადება, რომელიც მოიცავს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებულ ყველა ასპექტს. ერთობლივ განცხადებაში მოკავშირეებმა ცალსახად დაადასტურეს, რომ, ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველო გახდება ნატო-ს წევრი და რომ ეს პროცესი შეუქცევადია.
სამიტის დეკლარაციაში მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ნატო-ს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი და მოუწოდეს რუსეთს შეცვალოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილება და გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოდან.
საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ვარშავის სამიტზე მიღებულ დეკლარაციაში. მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ნატო-ს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი და მოუწოდეს რუსეთს შეცვალოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილება და გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოდან.
სამიტზე მოკავშირეები ასევე შეთანხმდნენ საქართველოსთვის თავდაცვის სფეროში დამატებითი დახმარების გაწევის შესახებ. კერძოდ, საუბარია:
1. საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზე;
2. სამხედრო განათლებასა და წვრთნაზე;
3. სტრატეგიული კომუნიკაციების შესაძლებლობების განვითარებაზე.
2018 წლის 11-12 ივლისს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ბრიუსელის სამიტის ფარგლებში გაიმართა ნატო-ს წევრი ქვეყნების სახელმწიფო მეთაურების შეხვედრა საქართველოსა და უკრაინასთან. აღსანიშნავია, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ნატო-ს სამიტზე გაიმართა შეხვედრა უმაღლეს დონეზე უშუალოდ საქართველოს თემატიკაზე.
სამიტზე გამართული შეხვედრის შედეგად მიღებულ იქნა ნატო-საქართველოს კომისიის დეკლარაცია, რომელიც მოიცავს საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებს და ხაზს უსვამს ნატო-ს ურყევ მხარდაჭერას ქვეყნის დემოკრატიული განვითარების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. აღსანიშნავია, რომ, როგორც სამიტის დასკვნით დოკუმენტში, ასევე ნატო-საქართველოს ერთობლივ დეკლარაციაში ალიანსის მხრიდან გამოხატულია საქართველოსადმი პოლიტიკური მხარდაჭერა ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში. დოკუმენტში კიდევ ერთხელ დადასტურებულია ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი და ასპირანტ საქართველოს გააჩნია ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ალიანსში გასაწევრიანებლად. ასევე, სამიტზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე. აღნიშნულთან მიმართებაში, შეთანხმდა თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები და გადაწყდა საქართველოსა და ნატო-ს მუდმივმოქმედ საზღვაო ძალებს შორის ურთიერთობის გაღრმავება.
სამიტის ფარგლებში საქართველომ ასევე მონაწილეობა მიიღო „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ შეხვედრასა და ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ კოალიციის წევრების შეხვედრაში.
2021 წლის 14 ივნისს გაიმართა ნატო-ს ბრიუსელის სამიტი. ნატო-ს წევრი ქვეყნების მეთაურებმა მიიღეს კომუნიკე რომელიც ადასტურებს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შესახებ. კომუნიკეში ალიანსის წევრი ქვეყნები მხარს უჭერენ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და ხაზს უსვამენ ნატო-ს საერთაშორისო მისიებში საქართველოს მიერ შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილის შესახებ.
2022 წლის 29-30 ივნისს გამართულ მადრიდის სამიტზე საქართველო წარმოდგენილი იყო პრემიერ-მინისტრის დონეზე. ნატო-ს ისტორიულ მადრიდის სამიტზე მიღებული იქნა არაერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი, მათ შორის სამიტის კომუნიკე და „საქართველოზე მორგებული დახმარების ღონისძიებათა დოკუმენტი“.
აღნიშნული სამიტი იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ მოკავშირეებმა დაამტკიცეს ნატო-ს ახალი სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც მორგებულ იქნა ახალი გეოპოლიტიკური რეალობისადმი. კონცეფციაში პირველად რუსეთი აღიარებულია ნატო-ს წევრი ქვეყნებისთვის პირდაპირ საფრთხედ. ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში აისახა ღია კარის პოლიტიკის აქტუალურობა და საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა. ასევე გაცხადებულია ის ფუნდამენტური პრინციპი, რომ ყველა ქვეყანას აქვს სუვერენული უფლება თავად აირჩიოს საგარეო-პოლიტიკური კურსი.
სამიტზე ალიანსის წევრებმა კომუნიკეში კიდევ ერთხელ დაადასტურეს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი და ურყევი მხარდაჭერა გამოაცხადეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობის მიმართ. გარდა ამისა, ასპირანტი ქვეყნების მეტი მხარდაჭერის მიზნით ალიანსმა მიიღო „საქართველოზე მორგებული დახმარების ღონისძიებათა პაკეტი“, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას, ნატო-ს კიდევ უფრო ქმედითად ჩართულობას და შესაბამისად ნატო-ს სტანდარტებთან დაახლოებას.
2023 წლის 11-12 ივლისს გამართულ ნატო-ს ვილნიუსის სამიტზე მონაწილეობა მიიღო საქართველოს დელეგაციამ საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით. სამიტზე მიღებულ დასკვნით კომუნიკეში დადასტურებულია ალიანსის ერთგულება 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების მიმართ, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი ქვეყანა. გარდა ამისა, კიდევ ერთხელ გამოიხატა ალიანსის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და მოწოდებულ იქნა, რომ რუსეთის ფედერაციამ გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ განლაგებული მისი საოკუპაციო ძალები და უარი თქვას საქართველოს რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებაზე.
2024 წლის 9-11 ივლისს, ქ. ვაშინგტონში გაიმართა ნატო-ს საიუბილეო, რიგით 75-ე სამიტი. სამიტზე მონაწილეობა მიიღო საქართველოს დელეგაციამ, რომელსაც ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.
2017 წლის 26-30 მაისს თბილისში გაიმართა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია, რომლის ფარგლებშიც ასამბლეამ მიიღო დეკლარაცია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის თაობაზე.
დოკუმენტში დეტალურად არის განხილული ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის ყველა მნიშვნელოვანი ასპექტი. დეკლარაცია მოუწოდებს ალიანსის მთავრობებსა და პარლამენტებს კიდევ უფრო გააღრმავონ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პოლიტიკური განზომილება, რათა შეიქმნას პირობები საქართველოსთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მისანიჭებლად. ასამბლეამ ასევე დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
აღსანიშნავია, რომ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესია ბოლო 15 წლის მანძილზე პირველად გაიმართა პარტნიორ ქვეყანაში. აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ნატო-საქართველოს განსაკუთრებულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის მაღალ დონეს.
2014 წლის უელსის სამიტზე მოკავშირეებმა მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოსთან არსებითი პაკეტის შემუშავების შესახებ, რომლის მთავარი მიზანია ნატო-სთან თავსებადობის ამაღლება, თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარება და გაწევრიანებისთვის საქართველოს მომზადება. არსებითი პაკეტის იმპლემენტაციაში მონაწილეობდა ნატო-ს ყველა წევრი და ორი პარტნიორი ქვეყანა - შვედეთი, ფინეთი. პაკეტის ფარგლებში ხორციელდებოდა 15 პროექტი, ხოლო ერთი პროექტის წარმატებით დახურვის შემდეგ, ამჟამად 14 პროექტი მიმდინარეობს (ერთი პროექტი წარმატებით დაიხურა).
2015 წლის 27 აგვისტოს კრწანისის ეროვნული საწვრთნელი ცენტრის ტერიტორიაზე გაიხსნა ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი (JTEC). JTEC არის ნატო-საქართველოს მორიგი წარმატებული ერთობლივი პროექტი, რომელიც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ნატო-სთან თავსებადობის ამაღლებას, ასევე რეგიონალური და საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებას. წვრთნისა და შეფასების ცენტრით სარგებლობენ არამარტო საქართველოსა და ალიანსის წევრი ქვეყნები, არამედ ნატო-ს პარტნიორებიც. JTEC არის ნატო-საქართველოს წვრთნის დაგეგმვის და განხორციელების პროცესის პასუხისმგებელი. მას პარტნიორული თანამშრომლობა გააჩნია ნატო-ს ერთობლივი ძალების საწვრთნელ ცენტრთან (NATO Joint Force Training Centre (JFTC)
არსებითი პაკეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (Defence Institution Building School-DIB), რომელიც 2016 წელს დაფუძნდა. მის მთავარ ამოცანას უსაფრთხოების სექტორში კარგი მმართველობის მხარდაჭერა, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში ეროვნული შესაძლებლობების გაძლიერება და ნატო-ს შესაბამის სტრუქტურებთან, წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის განვითარება წარმოადგენს. 2022 წელს DIBS-მა მოიპოვა მოკავშირე ტრანსფორმაციის სარდლობის (Allied Command Transformation (ACT) აკრედიტაცია.
2019 წელს 3-4 ოქტომბერს საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის დროს, ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერებმა მიიღეს გადაწყვეტილება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განახლების შესახებ (NATO-Georgia Commission Statement). აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, 2020 წლის ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე, ალიანსის წევრმა ქვეყნებმა ნატო-საქართველოს პაკეტის გაძლიერების შესახებ მიიღეს დოკუმენტი, რის შედეგადაც ნატო-საქართველოს არსებით პაკეტს დაემატა 3 ახალი ინიციატივა - სამხედრო მედიცინის მიმართულება, სტანდარტიზაცია და კოდიფიკაცია და ინგლისური ენის შესაძლებლობების განვითარება. ამჟამად, ჯამში მიმდინარეობს 16 ინიციატივის განხორციელება.
საქართველო, როგორც ევროატლანტიკური უსაფრთხოების მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი სახელმწიფო, აქტიურად არის ჩართული ნატო-ს ეგიდით წარმოებულ სამშვიდობო ოპერაციებში. ქართული სამხედრო ქვედანაყოფები 1999-2008 წლებში მონაწილეობდნენ კოსოვოში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციაში (KFOR - Kosovo Forces). საქართველო ასევე მონაწილეობდა ხმელთაშუა ზღვაზე მიმდინარე ანტიტერორისტულ ოპერაცია „აქტიურ ძალისხმევა"-ში (Active Endeavour), რომელიც ინიცირებულ იქნა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მეხუთე მუხლის საფუძველზე 2001 წლის 11 სექტემბერს განხორციელებული ტერორისტული აქტების შემდეგ.
განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს მონაწილეობა ავღანეთში აწ უკვე დასრულებულ ოპერაციაში საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების (ISAF - International Security Assistance Force). საქართველოს შეიარაღებული ძალების ორი ცალკეული ქვეითი ბატალიონის მონაწილეობის შედეგად, საქართველოს პირველი ადგილი ეკავა ISAF-ის მონაწილე, არაწევრ ქვეყნებს შორის კონტინგენტის რიცხოვნობის თვალსაზრისით.
2015 წლიდან 2021 წლამდე საქართველო ჩართული იყო ავღანეთში ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში, სადაც ის მისიაში მონაწილე ქვეყნებს შორის ერთ სულ მოსახლეზე რიგით პირველი კონტრიბუტორი ქვეყანა იყო. საქართველო, 2015 წლიდან ასევე შეუერთდა ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალებს (NATO Response Force - NRF). აღსანიშნავია, რომ ნატო-ს ეგიდით მიმდინარე ოპერაციებში 2004 წლიდან 2021 წლამდე 22 000-ზე მეტმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო მონაწილეობა. ავღანეთში 32 ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.
2021 წლის აპრილში მოკავშირეების მხრიდან ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის დასრულების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ავღანეთიდან კოალიციური ჯარების გამოყვანის პროცესი დაიწყო. საქართველომ, როგორც ალიანსის სანდო პარტნიორმა და მომავალმა წევრმა ქვეყანამ, ავღანეთიდან კოალიციური ჯარებისა გამოყვანის მიზნით, ალიანსს მნიშვნელოვანი ლოგისტიკური მხარდაჭერა გაუწია. ამ პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა. საქართველოს ჩართულობამ კოალიციური ჯარების გამოყვანის პროცესი მნიშვნელოვნად დააჩქარა.
აგვისტოში, საქართველომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქაბულის დაცემის შემდგომ ავღანეთიდან დაწყებული ევაკუაციის პროცესშიც, სადაც ასევე აქტიურად იქნა გამოყენებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, როგორც სატრანზიტო დერეფანი.
საქართველოს მიერ საერთო ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების სფეროში შეტანილი წვლილის საფუძველზე, 2014 წლის ნატო-ს უელსის სამიტზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ჩვენი ქვეყნისთვის ალიანსის „გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორის“ (Enhanced Opportunity Partners) სტატუსის მინიჭების თაობაზე. აღნიშნული კიდევ ერთხელ ცხადყოფს საქართველოს ნატო-თან თავსებადობის მაღალ დონეს.
საქართველო კვლავაც აგრძელებს საერთო ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით ალიანსის მხარდაჭერას. კერძოდ, 2023 წელს საქართველოს სანაპირო დაცვის სააბორდაჟო ჯგუფი ნატო-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველ“-ში (Operation “Sea Guardian”) პირველად ჩაერთო. აღსანიშნავია, რომ ჩვენი ქვეყანა პირველი ნატო-ს არაწევრი სახელმწიფოა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო აღნიშნულ ოპერაციაში.
ნატო-საქართველოს წარმატებული სამხედრო თანამშრომლობის დადასტურებაა საქართველოში 5-ჯერ გამართული ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ვიზიტები: (1) 2014 წლის 11-12 თებერვალი; (2) 2017 წლის 2-3 მარტი; (3) 2019 წლის 27-28 მარტი; (4) 2021 წლის 7-8 ოქტომბერი; და (5) 2023 წლის 9-10 ნოემბერი.