საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა მონაწილეობა მიიღო გაეროს უშიშროების საბჭოს მაღალი დონის ღია დებატებში თემაზე: „ გაეროს წესდების მიზნებისა და პრინციპების დაცვა და გაერო-ზე ორიენტირებული საერთაშორისო სისტემის გაძლიერება“.
სიტყვით გამოსვლისას, მინისტრის პირველმა მოადგილემ ხაზი გაუსვა საქართველოს ერთგულებას გაეროს წესდების მიმართ. აღნიშნა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის მნიშვნელობა და საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაში მულტილატერალიზმის გაძლიერების აუცილებლობა.
გიორგი ზურაბაშვილმა ვრცლად ისაუბრა უსაფრთხოების გამოწვევებზე, ყურადღება გაამახვილა რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე და განსაკუთრებით გაუსვა ხაზი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას. მინისტრის პირველმა მოადგილემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო რჩება კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების ერთგული.
გიორგი ზურაბაშვილმა ხაზი გაუსვა, ასევე, საქართველოს როლს ტრანზიტის, ვაჭრობისა და ენერგეტიკული კავშირების განვითარებაში, რაც ხელს უწყობს გრძელვადიან სტაბილურობას.
ნიუ-იორკში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მინისტრის პირველმა მოადგილემ ორმხრივი შეხვედრები გამართა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სახელმწიფო მინისტრთან ევროპის საკითხებში, გუნტერ კირხბაუმთან და ავსტრიის რესპუბლიკის სპეციალურ წარმომადგენელთან პიტერ ლაუნსკი-ტიფენტალთან.