საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ღვთისიაშვილმა კარპაჩის 33-ე ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა, რომელიც პოლონეთის რესპუბლიკაში გაიმართა. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით უმსხვილეს ყოველწლიურ ღონისძიებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მაღალი რანგის სტუმრები ესწრებოდნენ.
ფორუმის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსიები, რომლებშიც 20-ზე მეტი ქვეყნის მაღალი რანგის კერძო და სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
პანელურ დისკუსიაზე, რომელშიც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მონაწილეობდა, აქცენტი გაკეთდა საქართველოს, როგორც ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებლის როლზე. ხაზი გაესვა ევროპის ეკონომიკური და ენერგეტიკული უსაფრთხოების თვალსაზრისით საქართველოს განსაკუთრებულ მნიშვნელობას, ქვეყანაში განხორციელებულ ეკონომიკურ რეფორმებსა და ინფრასტრუქტურულ პროექტებს. კარპაჩის ეკონომიკურ ფორუმზე განსახილველ საკითხებს შორის იყო ევროკავშირის გაფართოებისა და საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხი.
ფორუმის ფარგლებში, „კავკასიის ფონდის“ ორგანიზებითა და პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქართული კულტურის საღამო და ღვინის დეგუსტაცია გაიმართა, რომელსაც ფორუმის მონაწილეები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.