2026 წლის 5 აგვისტოს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ზურაბაშვილი გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის (FCDO) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორატის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ყოფილ ელჩს, მარკ კლეიტონს და თანმხლებ დელეგაციას შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი, გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული დიალოგის ფორმატების სრულად აღდგენის მნიშვნელობას.
განხილულ იქნა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი. მინისტრის პირველმა მოადგილემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ქვეყნის ევროპული არჩევანის შეუქცევადობა.
ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე. გიორგი ზურაბაშვილმა დელეგაციას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია გააცნო.
კიდევ ერთხელ დადასტურდა გაერთიანებული სამეფოს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკისადმი.
საუბარი ასევე შეეხო საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და ქართულ-ბრიტანული ურთიერთობებს. მხარეებმა დაადასტურეს საერთო გამოწვევებთან გამკლავების მიზნით თანამშრომლობისა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული პარტნიორობის შემდგომი განვითარების მზაობა.