2023 წლის 10 ნოემბერს, ქ. ჰანოიში, საქართველოსა და ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის რიგით მეორე პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა. საქართველოს მხრიდან კონსულტაციებს ხელმძღვანელობდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ხოლო ვიეტნამის მხრიდან - ვიეტნამის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლე თი თჰუ ჰანგი.
კონსულტაციების ფარგლებში, მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების ფართო სპექტრი და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები. საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის, საპარლამენტო კავშირების გაღრმავებისა და სამართლებრივი ბაზის განვითარების საკითხებს; ასევე ხაზი გაესვა ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას სავაჭრო-ეკონომიკური, საინვესტიციო, კულტურული, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებებით. ამასთან, საუბარი შეეხო მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის მნიშვნელობას, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ურთიერთმხარდაჭერის შესაძლებლობებს. კონსულტაციების მიმდინარეობისას, მხარეებმა განიხილეს სამხრეთ კავკასიასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მიმდინარე მოვლენები.
ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ვიეტნამის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და გაუზიარა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ.
ქ. ჰანოიში ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა დელეგაციის გაცნობითი შეხვედრა ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ბუი თან სონთან. ასევე, მაღალი დონის თემატური შეხვედრები გაიმართა ვიეტნამის ტრანსპორტის სამინისტროსა და ვიეტნამის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში.