სამუშაო ფორმატში გრძელდება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა ელჩების კონფერენცია 2024 - „საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები თანამედროვე გეოპოლიტიკურ რეალობაში“.
დღევანდელი დისკუსიის ერთ-ერთი თემა იყო - განათლება, კულტურა, სპორტი. აღნიშნულ საკითხებზე ქართველ დიპლომატებთან ერთად განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ, კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ, სპორტის მინისტრმა, შალვა გოგოლაძემ და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ იმსჯელეს.
ყურადღება გამახვილდა ამ მიმართულებებით საქართველოს მთავრობის მიზნებსა და ამოცანებზე. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა ისაუბრეს როგორც 2024 წელს მიღწეულ პროგრესზე, ისე არსებულ გამოწვევებსა და მომავალი წლისთვის დასახულ გეგმებზე.
ალექსანდრე წულაძემ ვრცლად ისაუბრა საქართველოში უმაღლესი განათლების მიღების უპირატესობებსა და სარგებელზე უცხოეული სტუდენტებისთვის. ხაზი გაესვა იმ სიკეთეებს, რომელთაც საქართველო სთავაზობს საზღვარგარეთიდან შემოსულ სტუდენტებს.
აღინიშნა საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების როლი ამ კუთხით ქვეყანაში არსებული პოტენციალის პოპულარიზაციაში.
საუბარი შეეხო ზოგადსაგანმანათლებლო სფეროში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს.
მიხეილ სარჯველაძემ ყურადღება გაამახვილა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გაფართოებაზე, ონკოლოგიური, ქრონიკული და იშვიათი დაავადებების მკურნალობის ხელმისაწვდომობაზე; ასევე სოლიდარობის ფონდის საქმიანობაზე, B და C ჰეპატიტების მართვის სახელმწიფო პროგრამებზე. გარდა ამისა, ჯანდაცვის მინისტრმა ისაუბრა სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფებისათვის სახელმწიფო გასაცემლების ზრდაზე, მოსახლეობისათვის სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სერვისებზე. გარდა ამისა, მან ყურადღება გაამახვილა დასაქმებისა და ქვეყანაში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის სახელმწიფო პროგრამებზე.
კულტურის სფეროს განხილვისას, თინათინ რუხაძემ ვრცლად ისაუბრა კულტურული დიპლომატიის მნიშვნელობაზე ქვეყნის გლობალური პოზიციონირების კონტექსტში. აღინიშნა საგარეო საქმეთა სამინისტროს როლიც ამ მიმართულებით. მინისტრის თქმით, საგარეო უწყების უწყება თანამშრომლობს საერთაშორისო ინსტიტუტებთან და ორგანიზებას უწევს საზღვარგარეთ სხვადასხვა სახის კულტურულ ღონისძიებას, რომელიც თავის მხრივ, ხელს უწყობს საერთაშორისო დონეზე საქართველოს შესახებ ცნობადობის ზრდას, განათლების და ცნობის გაზიარებას. საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებსაც.
სპორტის მინისტრმა მიმოიხილა 2024 წელს, სპორტის სხვადასხვა სახეობაში ქართველი სპორტსმენების მიერ მიღწეული დიდი წარმატება, ისაუბრა საქართველოში დაგეგმილი მასშტაბური საერთაშორისო ტურნირების შესახებ და ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობის პროცესში საელჩოებისა და დიპლომატიური კორპუსის მონაწილეობის მნიშვნელობაზე.