2023 წლის 1 ივნისს თბილისში გაიმართა საქართველოსა და პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროების ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების პირველი რაუნდი, მინისტრის მოადგილეების დონეზე.
საქართველოს მხრიდან კონსულტაციებს უძღვებოდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ხოლო პაკისტანის მხრიდან - პაკისტანის საგარეო საქმეთა მდივანი ასად მაჯიდ ხანი (Asad Majeed Khan, Foreign Secretary of Pakistan). კონსულტაციების ფარგლებში, მხარეებმა დეტალურად განიხილეს საქართველოსა და პაკისტანის ისლამური სახელმწიფოს როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგის ყველა აქტუალური საკითხი. მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა გაააქტიურონ ორმხრივი პოლიტიკური ურთიერთობები, მათ შორის, პოლიტიკური კონსულტაციების მექანიზმის ამუშავებით; განავითარონ თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, განათლებისა და სხვა სფეროებში. განსაკუთრებით გაესვა ხაზი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების ყველა შესაძლო მიმართულებით გაღრმავების აუცილებლობას; ქვეყნებს შორის არსებული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებას, მათ შორის, თანამშრომლობის განვითარებას ინვესტიციების სფეროში, ასევე, ორი ქვეყნის ბიზნესმენთა კონტაქტების გააქტიურებას და, ამ მიზნით, ბიზნეს-ფორუმების ორგანიზების მნიშვნელობას. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას ხელს შეუწყობს სამართლებრივი ბაზის შემდგომი სრულყოფა. ამ მხრივ, ხაზი გაესვა მიმდინარე კონსულტაციების ფარგლებში ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი კონსულტაციების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის მნიშვნელობას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ განაგრძობენ მუშაობას ამ მიმართულებით და დააჩქარებენ სამართლებრივ პროცედურებს განხილვის პროცესში მყოფ შეთანხმებებზე, მათი დროულად ხელმოწერის მიზნით. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის გააქტიურებაზე, მათ შორის, ერთმანეთის წინადადებების/რეზოლუციებისა და კანდიდატურების მხარდაჭერის თვალსაზრისით. ასევე, ორმხრივ კონსულტაციებზე განიხილეს მსოფლიო და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, არსებული საფრთხეები და გამოწვევები. მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია სამხრეთ კავკასიასა და სამხრეთ აზიაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ა. ხვთისიაშვილმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა კოლეგას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით. აქვე ხაზი გაესვა არაღიარების პოლიტიკის მნიშვნელობას საქართველოსთვის. თავის მხრივ, პაკისტანის დელეგაციის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა პაკისტანის მთავრობის ურყევი პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მიმართ. შეხვედრის შემდეგ ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი კონსულტაციების შესახებ. იმავე დღეს პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის დელეგაციამ შეხვედრები გამართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან, გენადი არველაძესთან და იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილესთან, თამარ ტყეშელაშვილთან.