2023 წლის 17-18 აგვისტოს, რეგიონული ტურნეს ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ლაშა დარსალია სამინისტროს დელეგაციასთან ერთად სამუშაო ვიზიტით პერუს რესპუბლიკას ეწვია.
ვიზიტის მიმდინარეობისას, 18 აგვისტოს, გაიმართა ლაშა დარსალიას შეხვედრა პერუს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, იგნასიო იგერასთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი დღის წესრიგის აქტუალური საკითხები და სამომავლო პერსპექტივები. ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობას და თანამშრომლობის გაღრმავებას პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურისა და განათლების სფეროებში. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი პერუს ურყევ მხარდაჭერაზე. ყურადღება გამახვილდა საერთო ინტერესის სფეროებში არსებული კავშირების გაგრძელებისა და სამართლებრივი ბაზის გააქტიურების აუცილებლობაზე. მხარეებმა განიხილეს უახლოეს მომავალში უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შესაძლებლობა.
განხილულ იქნა საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის დინამიკა და ამ კუთხით, ხაზი გაესვა სამომავლო ურთიერთმხარდაჭერის მზადყოფნას. საუბარი ასევე შეეხო მსოფლიო და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებსა და გამოწვევებს.
აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში, 17 აგვისტოს გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, ლაშა დარსალიას შეხვედრა ქალაქ ლიმას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან. შეხვედრაზე ხაზი გაესვა დამეგობრებულ ქალაქებს - თბილისსა და ლიმას შორის კულტურული კავშირების კიდევ უფრო გააქტიურების მნიშვნელობას.
პერუს მხარესთან გამართულ შეხვედრებზე შეთანხმდა, რომ საქართველო და პერუ გააგრძელებენ მუშაობას საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული მტკიცე პარტნიორული კავშირების შემდგომი განვითარებისა და გაღრმავების მიზნით.