საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ბრიუსელში ვიზიტს განაგრძობს. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა შეხვედრა გამართა ევროკომისიის ფინანსური სტაბილურობის, ფინანსური მომსახურებისა და კაპიტალის ბაზრების კავშირის გენერალურ დირექტორთან, ჯონ ბერიგანთან.
მხარეებმა ვრცლად ისაუბრეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე. ხაზი გაესვა საქართველოს ნაყოფიერ თანამშრომლობას ევროკავშირის შესაბამის სამსახურებთან, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს გაწევრიანების გზაზე ფიზიკური და სექტორული დაახლოების პროცესის მეტი წარმატებისთვის. დადებითად შეფასდა საქართველოს ძალისხმევა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ევროკავშირის პროგრამებში ჩართულობის, ევროკავშირის კანონმდებლობასთან თავსებადობის, ევროკავშირის საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობის თვალსაზრისით.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკავშირთან სექტორული დაახლოების პროცესს და, ამ კონტექსტში, აღინიშნა როგორც ქართული მხარის, ისე ევროკომისიის ძალისხმევა. მათ შორის, მხარეებმა ისაუბრეს როუმინგის ერთიან სისტემასა და ევროკავშირის გადახდის ერთიან სისტემაში (SEPA) საქართველოს გაერთიანების შესაძლებლობებზე, რისთვისაც საქართველოს ყველა მოსამზადებელი სამუშაო აქვს ჩატარებული. აღინიშნა მსგავსი სახის ხელშესახები შედეგების მნიშვნელობა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში.