საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ქართველ კოლეგას, მაკა ბოჭორიშვილს, მისალოცი წერილები გაუგზავნეს და საქართველოს წინსვლა და კეთილდღეობა უსურვეს. თავიანთ გზავნილებში მინისტრები ხაზგასმით აღნიშნავენ მრავალწლიანი ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობასა და საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული თანამშრომლობის პერსპექტივას.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ეხმიანება უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. „უნგრეთი გულწრფელად აფასებს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ და კონსტრუქციულ ურთიერთობებს“ - წერს პიტერ სიიარტო. მისალოც წერილში უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი იმედს გამოთქვამს, რომ საერთო ინტერესის მქონე ორმხრივ და საერთაშორისო საკითხებზე თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.
ბელგიის ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი მაქსიმ პრევო ქართველ კოლეგას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოსა და ბელგიას შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო განმტკიცდება. „იმედი მაქვს, რომ ბელგიასა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული კავშირები და თანამშრომლობა კიდევ უფრო განმტკიცდება, როგორც ორმხრივ, ისე ევროკავშირთან ურთიერთობების კონტექსტში, ასევე ევროკავშირის ღირებულებებთან მიმართებაში.“ - ნათქვამია მისალოც წერილში.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ შიკორსკის წერილში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ პოლონეთი განუხრელად უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. "პოლონეთისა და საქართველოს რთულმა ისტორიულმა გამოცდილებამ გვასწავლა, რამდენად მნიშვნელოვანია სუვერენიტეტი, და ამავე დროს პარტნიორებთან ალიანსი. ევროპული ინტეგრაციის გზა, რომელსაც საქართველო წარმატებით დაადგა დემოკრატიული რეფორმების წყალობით, ქმნის საფუძველს ქვეყნის სტაბილურობისა და უსაფრთხოების შემდგომი განმტკიცებისთვის" - აღნიშნულია პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის წერილში.
ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის გეორგ გეორგიევის წერილში აქცენტი კეთდება ნაყოფიერი თანამშრომლობაზე საქართველოსთან, როგორც სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში ბულგარეთის მნიშვნელოვან პარტნიორთან. „მწამს, რომ საერთო ევროპული და ევროატლანტიკური ფასეულობები, რომლებიც ჩვენი ორი ქვეყნის მოქალაქეებს აერთიანებს, ძლიერ იმპულსს შესძენს საქართველოს ხელისუფლების სწრაფვას განახორციელოს დემოკრატიული რეფორმები, ხოლო ევროპული ინტეგრაცია კვლავაც საგარეო პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტად დარჩება“, – წერს ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
მეზობელი ქვეყნების – თურქეთისა და სომხეთის საგარეო უწყებათა ხელმძღვანელები რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილმეზობლობის ხელშეწყობაზე ამახვილებენ ყურადღებას.
„ჩვენ უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას. ორ ქვეყანას შორის არსებული შესანიშნავი ურთიერთობები მომავალშიც ხელს შეუწყობს ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამკვიდრებას“ - აღნიშნულია თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჰაკან ფიდანის მიერ მაკა ბოჭორიშვილის სახელზე გამოგზავნილ წერილში. წერილში ასევე გამოთქმულია რწმენა, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა ყველა მიმართულებით განმტკიცდება.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის წერილში ხაზგასმულია საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული ურთიერთობის კონსტრუქციულ ჭრილში გაგრძელების მნიშვნელობა. „საქართველოსთან ურთიერთობების განვითარებას განსაკუთრებული ადგილი უკავია სომხეთის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში. ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის სტრატეგიულ დონემდე აყვანის შესახებ გადაწყვეტილებას კი უდავოდ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში“ - წერს არარატ მირზოიანი. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ სომხეთი „ძალიან აფასებს მეგობარ საქართველოს მხარდაჭერას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესის მიმართ“.
დამოუკიდებლობის დღეს ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრებიც აქტიურად ეხმიანებიან და ხაზგასმით აღნიშნავენ საქართველოსა და მათ ქვეყნებს შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობას. ევროპელი კოლეგები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს და გამოთქვამენ იმედს, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება და კიდევ უფრო მნიშვნელოვან ეტაპზე გადავა.
სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელი იურაი ბლანარი საქართველოს მიმართ მტკიცე მხარდაჭერას ადასტურებს და გამოხატავს დაინტერესებას „სლოვაკეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობათა სრულფასოვანი განვითარებით ორივე ქვეყნის საკეთილდღეოდ“.
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს კეთილდღეობასა და წინსვლას უსურვებს სლოვენიის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი ტანია ფაიონი. „სლოვენია კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს. იმედს გამოვთქვამ, რომ თქვენი ქვეყანა მომავალშიც განუხრელად განაგრძობს ევროპული ინტეგრაციის პროცესს, მათ შორის, ევროკავშირის ისეთი ღირებულებების განმტკიცების გზით, როგორიცაა თავისუფლება, თანასწორობა, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა დაცვა“ - ნათქვამია წერილში.
ქართველ ხალხს მშვიდობას, კეთილდღეობასა და პროგრესს უსურვებენ სერბეთის, ხორვატიისა და ბოსნია და ჰერცეგოვინასა საგარეო საქმეთა მინისტრებიც.
სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარკო დურიჩი ხაზგასმით აღნიშნავს ორივე ქვეყნის მხრიდან საერთაშორისო სამართლისა და გაეროს ქარტიის პრინციპებისადმი ერთგულების მნიშვნელობას. სუვერენიტეტის თემას ეხმიანება ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრიც. გორდან რადმანის მისალოც წერილში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ დამოუკიდებლობის დღე „სუვერენიტეტისადმი ქართველი ხალხის განუხრელი სწრაფვის გამოხატულებაა“.
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო უწყებამ ტაჯიკეთის, თურქმენეთის, ყაზახეთის, უზბეკეთის, ბელარუსის, ფილიპინების, შრი-ლანკის, ინდონეზიის, სენტ-კიტსის და ნევისის, კოლომბიის, ალჟირის, საუდის არაბეთის სამეფოსა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრების მისალოცი წერილებიც მიიღო. წერილებში გამოთქმულია რწმენა ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცებასთან და თანამშრომლობის პოტენციალის სრულად რეალიზებასთან დაკავშირებით.
მაკა ბოჭორიშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი გიდეონ საარი და იმედს გამოთქვამს, რომ კიდევ უფრო განმტკიცდება ორ ქვეყანას შორის არსებული კავშირი, რომელიც ქართველი და ისრაელელი ხალხის ხანგრძლივ მეგობრობას ემყარება.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ეხმიანება სან მარინოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ლუკა ბეკარი. მაკა ბოჭორიშვილის სახელზე გამოგზავნილ წერილში ის საქათველოს წარმატებასა და კეთილდღეობას უსურვებს და ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე ამახვილებს ყურადღებას.
საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობას ულოცავს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო. X პლატფორმაზე გამოქვეყნებულ პოსტში საქართველო აზერბაიჯანის მეგობარ ქვეყნად და სტრატეგიულ პარტნიორად არის მოხსენიებული.
X პლატფორმაზე ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარი თავის ქართველ კოლეგას, მაკა ბოჭორიშვილსა და საქართველოს მთავრობას ამ უმნიშვნელოვანეს ეროვნულ დღესასწაულს ულოცავს და წერს, რომ „ძალისხმევა ორ ქვეყანას შორის კავშირების განსამტკიცებლად მომავალშიც გაგრძელდება“.
X პლატფორმაზე გამოქვეყნდა რუმინეთის და ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროების მილოცვაც. მისალოც გზავნილებში რუმინეთი და ლატვია ადასტურებენ საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მიმართ მტკიცე მხარდაჭერას.
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს წინსვლასა და კეთილდღებას უსურვებს მონტენეგროს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრს მისალოცი გზავნილები საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირებმაც გამოუგზავნეს.
მაკა ბოჭორიშვილის სახელზე გაგზავნილ წერილში, ეუთოს გენერალური მდივანმა ფერიდუნ სინირლიოღლუმ საქართველოს მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა და კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევაში მტკიცე მხარდაჭერა აღუთქვა.
საქართველოს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) გენერალური მდივანი, ლაზარ კომანესკუ თავის წერილში მადლიერებას გამოხატავს ორგანიზაციის მიზნებისა და ამოცანების მიღწევაში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილისთვის და იმედს გამოთქვამს, რომ 2026 წელს BSEC-ში საქართველოს თავმჯდომარეობა წარმატებული იქნება.