Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ბერლინში ქართულ-გერმანულ-ფრანგული სამკუთხედის ფარგლებში კონსულტაციების მეოთხე რაუნდი გაიმართა

2023 წლის 1 მარტს,  ბერლინში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო უწყებაში, ქართულ-გერმანულ-ფრანგული სამკუთხედის ფარგლებში, კონსულტაციების მეოთხე რაუნდი გაიმართა.

პოლიტიკური სამკუთხედი ევროპის ორი წამყვანი სახელმწიფოს - გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო უწყებებთან, სტრატეგიული საკითხების განხილვის რეგულარულ ფორმატს წარმოადგენს და არის განსაკუთრებული დატვირთვისა და მნიშვნელობის მატარებელი. მიმდინარე რაუნდი გაიმართა ევროპაში არსებული მძიმე გამოწვევების ფონზე, მთლიანი კონტინენტის უსაფრთხოების არქიტექტურის ძირეული ტრანსფორმაციის გათვალისწინებით, ასევე საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ გერმანიისა და საფრანგეთის მხარდაჭერის კონსოლიდირების კონტექსტში.

სამმხრივი კონსულტაციების ფარგლებში მხარეებმა განიხილეს და გაცვალეს მოსაზრებები საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტულ საკითხებზე - ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებაზე, ასევე საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესიის და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ. ამასთან, ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალური თემებზე - უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენცია, რეგიონში არსებული ვითარება, ენერგოუსაფრთხოება და საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის როლი, კლიმატური ცვლილებები, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობა.

რაუნდის მიმდინარეობისას, ხაზი გაესვა, რომ საქართველო განაგრძობს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შეუქცევად პროცესს. მონაწილეების მხრიდან დადასტურდა ევროპული ფასეულობების მტკიცე მხარდაჭერა, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობის ურყევ ფუნდამენტს  წარმოადგენს, ხოლო ამ თანამშრომლობის საბოლოო მიზანი საქართველოს ევროკავშირში სრული გაწევრიანებაა.  

აღინიშნა 2022 წლის ივნისში საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების ისტორიული მნიშვნელობა და რომ ამ გადაწყვეტილებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს უპირობო კუთვნილება ევროპისადმი, როგორც კულტურულად და სოციალურად, ისე პოლიტიკურად. ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში, რომლის საბოლოო შედეგი განსაზღვრავს ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას უახლოეს მომავალში.

მხარეებმა ასევე იმსჯელეს საქართველოს ევროკავშირთან საკანონმდებლო და ინსტიტუციური შესაბამისობის შესახებ ევროკომისიის მიერ 2023 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშზე, რომლითაც დასტურდება აღნიშნული შესაბამისობის საკმაოდ მაღალი დონე. საქართველოს მხრიდან ევროინტეგრაციის ამ ეტაპზე განსაკუთრებულ პრიორიტეტებად დასახელდა: ევროკავშირის ბაზრის შესაძლებლობების გაფართოება ქართული პროდუქტებისთვის, საჯარო შესყიდვების ბაზრების გახსნის შესახებ ევროკავშირის მიერ უკვე მიღებული გადაწყვეტილების დროული განხორციელება,  ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის პროგრამის ორმხრივი აღიარება, ერთიანი ევრო გადახდებისა და  ერთიანი როუმინგის სივრცეებში საქართველოს სრული ინტეგრაცია, ელექტრონული ხელმოწერების ორმხრივი აღიარება, ცალკეული პროფესიების შემთხვევაში პროფესიული კვალიფიკაციების ორმხრივი აღიარება და სხვა.

გამოიკვეთა ინტერესი და ერთგულება ევროკავშირის ყველა შესაბამისი თანამშრომლობის ფორმატის მიმართ, რომელიც აქტუალური საკითხების განხილვისა და ქმედით შედეგებზე არის და იქნება გათვლილი. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ისევე, როგორც ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის მნიშვნელობას.

სამმხრივი კონსულტაციების ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველოს გარშემო არსებული უსაფრთხოების გარემო და ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი. აღინიშნა, რომ რეგიონში გაუარესებული უსაფრთხოების ვითარების გათვალისწინებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას. ქართულმა მხარემ მადლიერება გამოხატა, როგორც საფრანგეთის, ისე გერმანიის მიმართ ნატო-საქართველოს სხვადასხვა პროექტში მათ მიერ შეტანილი მნიშვნელოვანი კონტრიბუციისთვის. ხაზი გაესვა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით ნატო-საქართველოს თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას. საუბარი ასევე შეეხო, მიმდინარე წელს დაგეგმილი ნატო-ს ვილნიუსის სამიტისთვის მზადების პროცესს.    

კონსულტაციებისას მხარეებმა ისაუბრეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით გაუარესებული მდგომარეობის შესახებ. ქართულმა მხარემ ამომწურავად ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ბოლოდროინდელ უკანონო და პროვოკაციულ ქმედებებზე, მათ შორის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დე-ფაქტო ანექსიის მიმართულებით მოსკოვის მიერ გააქტიურებულ ნაბიჯებზე, მზარდ მილიტარიზაციაზე, საოკუპაციო ხაზის მავთულხლართებითა და ხელოვნური ბარიერებით გამაგრების პროცესზე, საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებსა და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვაზე და ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებთა უფლებების სხვა უხეშ დარღვევებსა და ქართველების ეთნიკური დისკრიმინაციაზე.

ხაზი გაესვა რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების კრიტიკულ აუცილებლობას, განსაკუთრებით უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის ფონზე. აღინიშნა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების როლი, როგორც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განხორციელების, ისე რუსეთის ოკუპაციის შედეგად დაზარალებული ადამიანების უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემების გადაწყვეტის საკითხებში.

საუბარი შეეხო საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკასა და ძალისხმევას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით, როგორც დეოკუპაციის, ისე შერიგებისა და ჩართულობის განზომილებებში. ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა პარტნიორების აქტიური ჩართულობისა და საერთაშორისო  დღის წესრიგში რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის თემის კიდევ უფრო გააქტიურების კრიტიკულ მნიშვნელობას.

გერმანიის და საფრანგეთის საგარეო უწყებების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.

ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მსჯელობას შავი ზღვის დაკავშირებადობის შესახებ, რომლითაც ახალი შესაძლებლობები იხსნება საქართველოს გავლით ევროპის აზიასთან ენერგეტიკული, სატრანსპორტო და ციფრული მიმართულებით კავშირების განსამტკიცებლად და თვისობრივად ახალ დონეზე ასაყვანად. აღნიშნულ კონტექსტში, ხაზი გაესვა შავი ზღვის ელექტრო გადაცემის კაბელის მასშტაბურ პროექტს, რომელიც ევროპისთვის ელექტროენერგიის წყაროს დივერსიფიკაციასთან ერთად, მოახდენს სუფთა და განახლებადი ენერგიის პოპულარიზაციას.

კონსულტაციების ფარგლებში განხილვის საგანს ასევე წარმოადგენდა საქართველოში, გერმანიასა და საფრანგეთში მიმდინარე შიდა პოლიტიკური პროცესები.  

ქართულ-გერმანულ-ფრანგული სამკუთხედის მეოთხე რაუნდის ფარგლებში საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია, გერმანიის დელეგაციას წარმოადგენდა აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საკითხებზე გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს სპეციალური წარმომადგენელი მათიას ლუტენბერგი, ხოლო საფრანგეთის მხარეს - ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს კონტინენტური ევროპის დირექტორის მოადგილე სილვენ გიოგე.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები