საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციის რეგიონული ტურნეს ფარგლებში, 22 აგვისტოს, საქართველოსა და კოლომბიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი, მეშვიდე რაუნდი გაიმართა. საქართველოს მხრიდან კონსულტაციებს უძღვებოდა მინისტრის პირველი მოადგილე, ლაშა დარსალია, ხოლო კოლომბიის მხრიდან - მინისტრის მოადგილე, ფრანცისკო კოი.
კონსულტაციებზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და კოლომბიის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის დღის წესრიგის აქტუალური საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო არსებული თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული, განათლების, ტურიზმის მიმართულებით. აღინიშნა ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის მნიშვნელობა. ხაზი გაესვა საქართველოსა და კოლომბიას შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების რეგულარული გამართვის მიზანშეწონილობას.
კონსულტაციებისას მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების ფარგლებში არსებულ წარმატებულ თანამშრომლობაზე. განხილულ იქნა რეგიონული და საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალური საკითხები.
კოლომბიის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
შეხვედრის დროს კოლომბიის მხარეს ეცნობა, რომ საქართველოსა და კოლომბიას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების გათვალისწინებით, ქართულმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება, ქართულ ენაში ამჟამად გამოყენებადი სახელწოდება „კოლუმბია“ (კოლუმბიის რესპუბლიკა) შეიცვალოს და მის ნაცვლად დამკვიდრდეს ქვეყნის ავთენტური სახელწოდება „კოლომბია“ (კოლომბიის რესპუბლიკა).
შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ ორ ქვეყანას შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას.