26 ივლისს ბულგარეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ ჯანჯალიამ შეხვედრა გამართა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრის საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის მრჩეველთან, დრაგომირ ზაკოვთან.
შეხვედრაზე განხილულ იქნა ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების ფართო სპექტრი, რომელიც მოიცავს უსაფრთხოების, დაკავშირებადობის საკითხებს, სექტორალური თანამშრომლობის გაღრმავებასა და ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმართ ბულგარეთის მხარდაჭერას. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ეკონომიკის და ენერგეტიკის მიმართულებით შავი ზღვის პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობას და მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის აუცილებლობას.
ვიზიტის ფარგლებში მინისტრის მოადგილემ შეხვედრა გამართა ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეებთან, დანიელ ლორერთან და ეკატერინა ზახარიევასთან. მხარეებმა ისაუბრეს პარლამენტთაშორისი ურთიერთობების განმტკიცებაზე, ისევე როგორც საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერის მობილიზების თაობაზე.