Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

მაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანელ კოლეგას,  ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა

2025 წლის 22 ივლისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანელ კოლეგას ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა. 

შეხვედრაზე ორ  ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის და რეგიონული თანმშრომლობის საკითხები განიხილეს.

ხაზი გაესვა საქართველო-აზერბაიჯანის პოლიტიკური დიალოგის პოზიტიურ დინამიკას, სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო თანამშრომლობის კუთხით მიღწეულ პროგრესს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტების განხორციელებისკენ მიმართულ ერთობლივ ძალისხმევას, კერძოდ, საუბარი შეეხო ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის,  შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელისა და მწვანე ენერგეტიკული დერეფნის განვითარების შესაძლებლობებს. აღინიშნა, რომ სატრანზიტო და ლოგისტიკური ფუნქციის გაძლიერებაზე ორიენტირებული პროექტები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს შუა დერეფნის, როგორც სტრატეგიული მარშრუტის განვითარების კონტექსტში.

რეგიონში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას,  ხაზი გაესვა   სამხრეთ კავკასიაში  ხანგრძლივი მშვიდობის და სტაბილურობის მნიშვნელობას.

დადებითად შეფასდა მიმდინარე წლის 17 აპრილს გამართული საქართველო-აზერბაიჯანი-სომხეთის სამმხრივი შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების დონეზე, რომელსაც საქართველომ უმასპინძლა და რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს  მზაობას, ხელი შეუწყოს რეგიონში კონსტრუქციული და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განვითარებასა და საერთო ინტერესების განსაზღვრას.

საუბარი შეეხო საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის სამმხრივ ფორმატს, რომელსაც განსაკუთრებული წვლილის შეტანა შეუძლია რეგიონში სტაბილურობის, კეთილდღეობის და სტრატეგიული პროექტების განხორციელების უზრუნველყოფის საქმეში.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან  თანამშრომლობის პერსპექტივები და შუა დერეფნის განვითარების პოტენციალი.

აღინიშნა, რომ საქართველო და აზერბაიჯანი მზად არიან პოლიტიკური დიალოგის, ბიზნესკავშირების და ხალხთაშორის კონტაქტების შემდგომი განვითარებისთვის.

დანართები

    მსგავსი სიახლეები