2023 წლის 11 აგვისტოს ჩეხეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა, პეტრ კუბერნატმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ალექსანდრე ხვთისიაშვილს, რის შემდგომაც გაიმართა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა.
მინისტრის მოადგილემ ჩეხ დიპლომატს მიულოცა ელჩის თანამდებობაზე დანიშვნა და საქართველოში სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
შეხვედრის ფარგლებში ხაზი გაესვა საქართველოსა და ჩეხეთს შორის არსებულ ტრადიციულად მეგობრულ ურთიერთობებს და კმაყოფილებით აღინიშნა, რომ ორი ქვეყნის კავშირები ინტენსიურად ვითარდება, რაც გამოიხატება ორმხრივი ვიზიტების აქტიურ დინამიკაში. ასევე აღინიშნა, რომ არსებობს ურთიერთობათა კიდევ მეტად გაღრმავების პოტენციალი სავაჭრო-ეკონომიკურ, ტურიზმის, განათლების სფეროებში.
ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, ამ მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და შემდგომ ნაბიჯებს. ალექსანდრე ხვთისიაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ წლის ბოლოს საქართველო მიიღებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.
ელჩმა, თავის მხრივ, დაადასტურა, რომ ჩეხეთი კვლავაც გააგრძელებს მხარდაჭერას საქართველოს პრიორიტეტებისადმი. მან ასევე გამოხატა მზაობა აქტიურად შეუწყოს ხელი საქართველოსა და ჩეხეთს შორის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას.