2023 წლის 21 ივნისს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ ჯანჯალიამ შეხვედრა გამართა გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან სვენ გიგოლდთან.
თეიმურაზ ჯანჯალიამ კმაყოფილება გამოხატა ორ ქვეყანას შორის ორმხრივ ურთიერთობებში არსებული მაღალი დინამიკის გამო, რომელიც მკაფიოდ გამოხატავს გერმანიის მხარდაჭერასა და ჩართულობას. მან განსაკუთრებით გამოყო მიმდინარე წლის ივნისში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბერლინში ვიზიტის მნიშვნელობა, რომლის ფარგლებში იგი გერმანიის ფედერალურ კანცლერს შეხვდა.
შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს მიერ ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესრულების მიმდინარეობასა და წლის ბოლოს საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების კრიტიკულ მნიშვნელობაზე. მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ქვეყნის ერთგულება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი, რომელიც გამყარებულია საქართველოს კონსტიტუციით და მას ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა უჭერს მხარს. გერმანულმა მხარემ კი, თავის მხრივ, გამოხატა მკაფიო მხარდაჭერა ქვეყნის მიერ ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმართული ძალისხმევისადმი.
ყურადღება გამახვილდა საქართველოს პოტენციალზე ენერგეტიკული, სატრანსპორტო და ლოგისტიკური სტრატეგიული რეგიონული პროექტების განხორციელების მიმართულებით. ასევე, აღინიშნა, შავი ზღვის დაკავშირებადობა, როგორც საქართველო-ევროკავშირის საერთო პრიორიტეტი და ხაზი გაესვა სტრატეგიულ პროექტებში ევროპული ქვეყნების, მათ შორის, გერმანიის ჩართულობის მნიშვნელობას.