2023 წლის 13 ივნისს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია შვედეთის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. მინისტრის მოადგილემ შვედ ხალხს ეროვნული დღე მიულოცა და საქართველო-შვედეთის მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრა. ამ კონტექსტში, თეიმურაზ ჯანჯალიამ განსაკუთრებით აღნიშნა შვედეთის სამეფო ტახტის მემკვიდრის - კრონპრინცესა ვიქტორიას ისტორიული ვიზიტი თბილისში.
მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ჩამოყალიბების მთავარი ღერძი თავისუფლების და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა იყო. მისივე თქმით, ქართველი ხალხი დიდად აფასებს შვედეთის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მათ შორის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში (EUMM) ფართო ჩართულობას.
თეიმურაზ ჯანჯალიას ისაუბრა საქართველოსა და შვედეთს შორის არსებულ დინამიკური თანამშრომლობაზე სხვადასხვა სფეროში, მათ შორის- პოლიტიკური, ეკონომიკური, თავდაცვის და უსაფრთხოების მიმართულებით, ასევე, განათლებისა და კულტურის დარგებში.
მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე შვედეთის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.
„მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მოგილოცოთ ევროკავშირის საბჭოს წარმატებული თავმჯდომარეობა. შვედეთი, თავისი თანამედროვე და პროგრესული ხედვით, ყოველთვის თამაშობდა უმნიშვნელოვანეს როლს ევროპის განვითარების პროცესში. ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენი ქვეყნის მხარდაჭერას საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. დღეს, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და ასახავს ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს. ჩვენს ქვეყანას ინტენსიური მუშაობის შედეგად, 12 პრიორიტეტის 80 % უკვე შესრულებული აქვს. დღეს, ამ გადამწყვეტ მომენტში, ჩვენ გვაქვს შვედეთის მხარდაჭერის დიდი იმედი, რომ 2023 წლის ბოლოს მოვიპოვოთ კანდიდატის სტატუსი“- აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
თეიმურაზ ჯანჯალიამ ასევე ისაუბრა ქვეყნის ჩრდილო-ატლანტიკური ინტეგრაციის თემაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს დიდი წვლილი შეაქვს გლობალური უსაფრთხოების და სტაბილურობის განმტკიცებაში. ამ კონტექსტში მან შვედეთის ნატოში ინტეგრაციას სრული მხარდაჭერა დაადასტურა.
მინისტრის მოადგილემ ისაუბრა რეგიონში არსებულ სიტუაციაზე და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი რომ საქართველო, რომელსაც თავის თავზე აქვს გამოცდილი რუსეთის აგრესია, სრულად უჭერს მხარს მოძმე უკრაინელ ხალხს, როგორც პოლიტიკურ, ისე დიპლომატიურ და ჰუმანიტარულ კონტექსტში.
მინისტრის მოადგილემ შვედეთის ელჩს მადლობა გადაუხადა ორი ქვეყნის კავშირების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.