2023 წლის 7 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, შეხვედრა გამართა საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, იმამურა აკირასთან.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა მიმოიხილეს საქართველო-იაპონიის ორმხრივ ურთიერთობათა დღის წესრიგის აქტუალური საკითხები და სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივები. საუბარი ასევე შეეხო რეგიონული და გლობალური მნიშვნელობის საკითხებს.
ყურადღება გამახვილდა უკანასკნელ პერიოდში ორი ქვეყნის ურთიერთობების გააქტიურების დადებით დინამიკაზე და პოლიტიკურ-ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების აუცილებლობაზე ყველა შესაძლო მიმართულებით. ამასთან, განსაკუთრებულად გაესვა ხაზი მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას და განხილულ იქნა ამ მხრივ არსებული შესაძლებლობები.
საუბრის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ, რომ მნიშვნელოვანია საქართველოსა და იაპონიას შორის ჩამოყალიბებული პარტნიორული ურთიერთობების თვისებრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების წარმატებული განვითარების მიზნით.