2024 წლის 18 მარტს საქართველოს ეწვია ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, რომელმაც შეხვედრები გამართა საქართველოს პრემიერ - მინისტრთან ირაკლი კობახიძესთან და საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან.
შეხვედრების დროს განხილულ იქნა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებულ საკითხთა სრული სპექტრი, ალიანსთან პრაქტიკული თანამშრომლობის დადებითი დინამიკა და შემდგომი განვითარების პერსპექტივები.
ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე და ამ კონტექსტში აღინიშნა ნატო-ს მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მიმართ.
მხარეებმა ისაუბრეს შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე და აღნიშნეს, რომ ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა დიდწილად არის დამოკიდებული შავი ზღვის რეგიონის სტაბილურ განვითარებაზე.
შეხვედრებზე განსაკუთრებულად აღინიშნა ნატო-ს მხარდაჭერა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კურსისა და ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილების მიმართ, რომლის თანახმადაც საქართველო გახდება ნატო-ს წევრი ქვეყანა.