26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით ქ. ფოთში მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა სახის ღონისძიება და აქტივობები.
კოშკურას საგამოფენო სივრცეში, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ფოთის მერიის ორგანიზებით, გაიმართება ეროვნულ არქივში დაცული ქ. ფოთის ევროპული ისტორიის ამსახველი საარქივო მასალების გამოფენა და დაჯილდოების ცერემონია, რომლის ფარგლებშიც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, თეიმურაზ ჯანჯალია, საპატიო სიგელებს გადასცემს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის პროექტებში წარმატებულ მონაწილეობს ქ. ფოთიდან. ამასთან, თეიმურაზ ჯანჯალია სიტყვით მიმართავს დამსწრე საზოგადოებას.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ფოთის ცენტრალურ მოედანზე მოეწყობა საინფორმაციო სივრცე, სადაც დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ ინფორმაცია ისეთი თემების შესახებ, როგორებიცაა: ნიკო ნიკოლაძე და მისი ღვაწლი საქართველოს წინაშე ; ფოთი და ტურიზმი; ფოთი და მისი ურბანულ-არქიტექტურული მემკვიდრეობა; 1918-1921 - პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკა; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საერთაშორისო აღიარება; დამოუკიდებლობის მოპოვების საშინაო და საგარეო ფაქტორები; საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის მიღება; საქართველოს პირველი მთავრობა; არჩევნები საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჰიმნი, დროშა, გერბი; კონსტიტუცია; საქართველო სატრანსპორტო დერეფანი ევროპასა და აზიას შორის; 1918-1921 წლებში კულტურული ცხოვრება. მოეწყობა ფოტო-ზონა და თემატური კაფე. ღონისძიების ფარგლებში, ადგილობრივი მეწარმეები წარმოადგენენ თავიანთ პროდუქციას, პატარა სტუმრებს კი, სპეციალურად მოწყობილ საბავშვო და სპორტულ სივრცეებში ანიმატორები დახვდებიან და მრავალ გასართობ აქტივობას შესთავაზებენ.
ამასთან, ღონისძიებისთვის შეიქმნება კედელი, რომელსაც მოხატავენ მხატვრები და მოხალისეები, 26 მაისის თემატიკის შესაბამისად. კედელი დათარიღდება და სამახსოვროდ დარჩება ქალაქს. 17:10-ზე, ფოთის ცენტრალურ მოედანზე გაჟღერდება საქართველოს ჰიმნი. საზეიმო ღონისძიებები კი საღამოს 19:00 საათზე, გალა-კონცერტით დასრულდება