2023 წლის 24 ნოემბერს რწმუნებათა სიგელების ასლების გადაცემის ცერემონიის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, ლაშა დარსალიასა და საქართველოში კანადის ახლადდანიშნულ ელჩს, კევინ ჰამილტონს (რეზიდენციით ქ. ანკარა, თურქეთის რესპუბლიკა) შორის.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების საკითხთა ფართო სპექტრი, მათ შორის, თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკისა და ვაჭრობისა სფეროებში, და მათი შემდგომი განვითარების პერსპექტივები.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გლობალური და რეგიონული პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე საერთაშორისო საზოგადოების წინაშე არსებული გამოწვევების ფონზე. შეხვედრის ფარგლებში საქართველოში კანადის ელჩმა, კევინ ჰამილტონმა კიდევ ერთხელ დაადასტურა კანადის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.
მხარეებმა, დაადასტურეს ქვეყნებს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებისა და კიდევ უფრო გააქტიურების მზადყოფნა.