დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია
დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის დამყარდა 1992 წლის 25 მარტს.
1993 წელს გაიხსნა საქართველოს საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში.
2016 წელს გაიხსნა ავსტრიის სელჩო თბილისში
2013-2016 წლებში საქართველოს გადაფარვა ხდებოდა აზერბაიჯანში ავსტრიის საელჩოდან:
1998-2012 წლებში საქართველოს გადაფარვა ხდებოდა ავსტრიიდან:
2019 წლის 15 მარტს, თბილისში გაიხსნა ავსტრიის რესპუბლიკის საპატიო საკონსულო.
თანამშრომლობის სფეროები
საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის ჩამოყალიბებულია მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, საპარლამენტთაშორისო, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის, სამართალდაცვით, კულტურისა და განათლების სფეროებში. გააქტიურებულია რეგიონთაშორისი კავშირები. მნიშვნელოვანია ავსტრიასთან განვითარების სფეროში თანამშრომლობა ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მეშვეობით, რომლის წარმომადგენლობა საქართველოში 2013 წლიდან ფუნქციონირებს. პრიორიტეტულ სფეროებს წარმოადგენს საქართველოში ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, სატყეო მეურნეობის, ეფექტური ინსტიტუტების, რეგიონული განვითარების ხელშეწყობა და სხვ. ავსტრია საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პარტნიორია ევროკავშირის „თვინინგის“ პროექტების განხორციელების მხრივაც. ორი ქვეყანა მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.
საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის ხელმოწერილია და ძალაშია 11 შეთანხმება, რომელიც მოიცავს თანამშრომლობას ეკონომიკის, საჰაერო ტრანსპორტის, ინვესტიციების წახალისებისა და დაცვის, შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების და სხვა სფეროებში.
საქართველოსა და ავსტრიას შორის რეგულარულად ხორციელდება უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტები საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. ბოლო წლებში განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია 2021 წელს საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი ისევე, როგორც 2022 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი ვენაში. ავსტრიის მხრიდან მხარდაჭერისა და ინტერესის მკაფიო გამოხატულება იყო 2023 წელს ავსტრიის ფედერალური კანცლერის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. ავსტრიის ფედერალური პრეზიდენტი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით 2015 წელს იმყოფებოდა. ავსტრიის და ზოგადად ევროკავშირის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის პროცესში ჩართულობის მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი იყო 2021 წელს ავსტრიის ევროპულ და საერთაშორისო საქმეთა ფედერალური მინისტრის ვიზიტი საქართველოში, რუმინელ და ლიეტუველ კოლეგებთან ერთად, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტისა და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის ეგიდით.
ინტენსიურად მიმდინარეობს საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობა. საქართველოს პარლამენტში შექმნილია ავსტრიის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი, ხოლო ავსტრიის პარლამენტში მოქმედებს ავსტრია-სამხრეთ კავკასიის საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფი. აღსანიშნავია, 2022 წელს შედგა აღნიშნული ჯგუფის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში.
2016 წელს თბილისში ავსტრიის რესპუბლიკის საელჩო გაიხსნა, ხოლო ორ ქვეყანას შორის როგორც პოლიტიკური, ისე სხვადასხვა სფეროში გააქტიურებული ურთიერთობების გათვალისწინებით, ფედერალური მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წელს საელჩო გაფართოვდა და მას დაემატა საკონსულო ფუნქციები.
დინამიურად ვითარდება ქართულ-ავსტრიული ეკონომიკური თანამშრომლობა. მზარდია ავსტრიული კომპანიების დაინტერესება საქართველოს ეკონომიკური და საინვესტიციო პოტენციალით. ავსტრიული კაპიტალით და კომპანიების მონაწილეობით განხორციელდა და გრძელდება მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტები ლოგისტიკის, ენერგეტიკის, კვების მრეწველობის, ტურიზმისა და სხვა სფეროებში („გებრიუდერ ვაისი“, „არაგვიჰესი“, „მესტიაჭალა“, „დოპელმაიერი“ და სხვა). ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების, ახალი მიმართულებების გამოკვეთა/ათვისების და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს შორის კავშირების ხელშეწყობის მიზნით, რეგულარულად იმართება ერთობლივი ბიზნეს-ფორუმები და სავაჭრო მისიები. ამას გარდა, ჩამოყალიბებულია საქართველო-ავსტრიის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისია, რომელიც ერთობლივად განსაზღვრულ პრიორიტეტულ სფეროებში თანამშრომლობის საკითხებს განიხილავს.
აქტიურია თანამშრომლობა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროებში. ავსტრიაში საქართველოსა და ქართული კულტურის ცნობადობის გაზრდას მნიშვნელოვნად ხელს უწყობს მრავალრიცხოვანი ღონისძიებები, განხორციელებული და მიმდინარე პროექტები (გამოფენები, მუსიკალურ სასწავლებლებს შორის თანამშრომლობა, კონცერტები, ქართული ენის სწავლება, ქართველი ავტორების ნაწარმოებების საჯარო კითხვა და თარგმანების პრეზენტაციები და სხვ). განსაკუთრებით აღსანიშნავია, 2018 წლის 25 ოქტომბრიდან 2019 წლის 27 იანვრამდე ვენის „ალბერტინას მუზეუმში“ ნიკო ფიროსმანის გამოფენა - „Wanderer zwischen den Welten" („სამყაროებს შორის მოხეტიალე“), სადაც წარმოდგენილი იყო მხატვრის 29 ნამუშევარი საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციიდან. საქართველოში 2000 წლიდან ფუნქციონირებს ავსტრიული ბიბლიოთეკა. ვენის დიპლომატიური აკადემია ყოველწლიურად გასცემს სტიპენდიებს ქართველი სახელმწიფო მოხელეებისათვის.
1982 წლიდან დაძმობილებული ქალაქებია თბილისი და ინსბრუკი. 2019 წელს თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა კახეთის რეგიონსა და შტირიის ფედერალურ მიწას შორის, ხოლო 2021 წელს თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი და ტიროლის ფედერალური მიწა.
ორი ქვეყნის ხალხებს შორის არსებული ისტორიული კავშირების თვალსაჩინო მაგალითია ავსტრიელი მწერალი და პაციფისტი, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის პირველი ლაურეატი ქალი ბერტა ფონ ზუტნერი, რომლის ცხოვრება მჭიდროდ იყო დაკავშირებული საქართველოსთან, სადაც მან მეუღლესთან ერთად წლები გაატარა. 2019 წელს ახალგაზრდულმა საინიციატივო ჯგუფმა ზუგდიდის მერიასა და საქართველოში ავსტრიის საელჩოსთან ერთად დააფუძნა ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის პრემია, ხოლო 2020 წლის 21 აპრილს, ნიშნად ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერი თანამშრომლობისა, მიმოქცევაში გამოვიდა ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის საფოსტო მარკა.
ბმულები
საქართველოს საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში
ავსტრიის საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა სამინისტრო
ავსტრიის ფედერალური პრეზიდენტი
ავსტრიის პარლამენტი
ავსტრიის ფედერალური კანცლერი
ავსტრიის განვითარების სააგენტო