მსურს მადლობა გადავუხადო ორგანიზატორებს ანკარაში, ნატო-ს სამიტის პარალელურად გამართულ ღონისძიებაზე - "მოკავშირეები ანკარაში" მოწვევისთვის. ეს არის მნიშვნელოვანი ღონისძიება და ჩვენ დიდი ყურადღებით ვადევნებთ თვალს, სამიტის შედეგებს, რომლებიც, გავლენას მოახდენს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაზე. ამ კონტექსტში, შავი ზღვის რეგიონი მისი განუყოფელი ნაწილია და სწორედ ამიტომ განსაკუთრებული ინტერესით ვაკვირდებით მიმდინარე განხილვებს.
საქართველო ნატო-ს წევრი სახელმწიფო არ არის და არ სარგებლობს იმ უსაფრთხოების გარანტიებით, რომლებიც ალიანსის წევრებს აქვთ. მიუხედავად ამისა, საქართველოსა და ნატო-ს შორის მჭიდრო პარტნიორობა მრავალი წლის განმავლობაში ვითარდება. ნატო-მ და მისმა წევრმა ქვეყნებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაში. ამავე დროს, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ყოველთვის მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების დღის წესრიგსა და ნატო-ს მისიებსა და ოპერაციებში. საკმარისია გავიხსენოთ ავღანეთის მისია, სადაც საქართველო, როგორც ნატო-ს არაწევრი ქვეყანა, სამხედრო კონტინგენტის რაოდენობით ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი იყო. ეს ნათლად ადასტურებს საქართველოსა და ნატო-ს პარტნიორობის სიმტკიცეს. ჩვენ ამ თანამშრომლობის განვითარებას ჩვენი ქვეყნის გრძელვადიანი სტრატეგიული მიზნების უმნიშვნელოვანეს ნაწილად მივიჩნევთ.
საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა დღევანდელ გეოპოლიტიკურ გარემოში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენ ფაქტობრივად სხვადასხვა ინტერესის, იდეისა და გეოპოლიტიკური ამბიციის გზაჯვარედინზე ვიმყოფებით. ეს, ერთი მხრივ, ქმნის სერიოზულ გამოწვევებს, თუმცა, მეორე მხრივ, მნიშვნელოვან შესაძლებლობებს გვაძლევს. შესაბამისად, აუცილებელია ამ რეალობის ორივე პერსპექტივიდან დანახვა.
საქართველოსთვის მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება როგორც საგარეო, ისე შიდა პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია. საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, რაც არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ მთელი რეგიონის უსაფრთხოების ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს.
საქართველოს პასუხი ოკუპაციასა და კონფლიქტზე ნათელია. ჩვენ არ განვიხილავთ სამხედრო კონფრონტაციას კონფლიქტის მოგვარების საშუალებად. ჩვენ ვირჩევთ მშვიდობას, სტაბილურობას და განვითარებას და სწორედ ამ პრინციპების საფუძველზე ვხედავთ კონფლიქტის მოგვარებას.
სწორედ ამიტომ, მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა საქართველოს საგარეო და შიდა პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტად რჩება. ეს პოლიტიკა განსაზღვრავს ჩვენს სტრატეგიულ პრიორიტეტებს.
ამავდროულად, არსებული გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, რეგიონი სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიული როლი მნიშვნელოვნად იზრდება. რუსეთ-უკრაინის ომისა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, დამოკიდებულება შავი ზღვის რეგიონის, სამხრეთ კავკასიის და საქართველოს მიმართ იცვლება.
ამავე დროს, ჩვენს რეგიონში არსებობს წარმატებული თანამშრომლობის მაგალითი - საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სახით. ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული სტრატეგიული პარტნიორობა დღეს უსაფრთხოების თვალსაზრისით კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს, რადგან ერთობლივად განხორციელებული ენერგეტიკული პროექტები და სატრანსპორტო დერეფნები დღეს სრულიად განსხვავებული მნიშვნელობის მქონეა.
ეს პროექტები ასევე ხელს უწყობს უსაფრთხოების გარემოს განმტკიცებას. დღეს უსაფრთხოებას მხოლოდ სამხედრო შესაძლებლობების ჭრილში ვეღარ განვიხილავთ. აუცილებელია მისი მრავალგანზომილებიანი შეფასება. ამ კონტექსტში, საქართველო და ჩვენი რეგიონული თანამშრომლობა - პარტნიორებთან, მათ შორის თურქეთთან, აზერბაიჯანთან და სხვა ქვეყნებთან, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
დღევანდელ გეოპოლიტიკურ გარემოში განსაკუთრებულად გაიზარდა ახალი და საიმედო სავაჭრო-ეკონომიკური მარშრუტების საჭიროება. ამ კონტექსტში, ხშირად ვსაუბრობთ „შუა დერეფნის“ განვითარებაზე. თუმცა „შუა დერეფანი“ მხოლოდ სატრანსპორტო მარშრუტი არ არის - ის წარმოადგენს მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ და გეოეკონომიკურ სივრცეს.
დღეს სწორედ ამ სივრცეში იკვეთება ენერგეტიკა, ციფრული დაკავშირებადობა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც ევროპული, ისე ფართო საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის, თუ ჩვენს რეგიონს ამ პერსპექტივიდან შევხედავთ.
მსურს გამოვყო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, სტაბილურობა. სტაბილურობის შენარჩუნება ჰიბრიდული საფრთხეების, დეზინფორმაციისა და ინფორმაციული მანიპულაციების ეპოქაში უფრო რთულ ამოცანად იქცა. ამ თვალსაზრისით, საქართველოს გამოცდილება ნათლად აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები და გადაჭარბებული საგარეო გავლენის შეზღუდვა ქვეყანაში სტაბილურობის შესანარჩუნებლად. ეს ნებისმიერი სახელმწიფოს სტაბილურობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის საკითხია.
მსურს, გამოვყო სუვერენიტეტის საკითხი და სახელმწიფოთა უფლება, დამოუკიდებლად განსაზღვრონ საკუთარი საგარეო და შიდა პოლიტიკა და დაიცვან საგარეო გავლენისგან. თანამედროვე რეალობაში ეს მნიშვნელოვანი საკითხია და ვფიქრობ, საქართველო ამის კარგი მაგალითია.
და ბოლოს, მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური მდგრადობა და თანმიმდევრული ეკონომიკური რეფორმები, საქართველოს წარმატების მნიშვნელოვანი საფუძველია. თუ ქვეყანა ახერხებს მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას და ეკონომიკური რეფორმების უწყვეტად განხორციელებას, შედეგიც თვალსაჩინოა.
თუ საქართველოს ეკონომიკურ ზრდას შევხედავთ, ის ევროპის მასშტაბით მართლაც შთამბეჭდავია. უკვე ხუთ წელზე მეტია ქვეყნის ეკონომიკა საშუალოდ დაახლოებით 9 პროცენტით იზრდება. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის. ეს ქმნის დამატებით შესაძლებლობებს განვითარებისთვის, რეგიონული მდგრადობისა და დაკავშირებადობის გასაძლიერებლად, რაც ხელს შეუწყობს ფართო რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებას.