“ჩვენი პარტნიორების მთავარი გზავნილი არის ის, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, ჩვენს საერთო თანაცხოვრებას ევროპულ ოჯახში. ჩვენ განვაგრძობთ ძალისხმევას იმისთვის, რომ საქართველო კიდევ უფრო დავუახლოოთ ევროკავშირს“ აღნიშნულის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს (FAC) სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერა მკაფიოდ იგრძნობოდა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების პოზიციებსა და მათი გამოსვლების სულისკვეთებაში.
ჟურნალისტებთან საუბრისას, ილია დარჩიაშვილმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე განხილულ საკითხებზე ისაუბრა. მისი თქმით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოს მიერ გატარებული რეფორმების ეფექტიანობაზე იმსჯელეს. აქცენტი გაკეთდა ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებაზე, რომელიც ევროინტეგრაციის კუთხით ერთ-ერთი მთავარი საკითხია. ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებული უსაფრთხოების რისკებზე და როგორც რეგიონში, ისე ევროპაში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ერთობლივი ძალისხმევის აუცილებლობაზე.
„ამგვარი ვიზიტებით და შეხვედრებით ჩვენ კიდევ უფრო ვაძლიერებთ იმ მთავარ გზას, რომელსაც საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით დაადგა“ - დასძინა დარჩიაშვილმა. მისი თქმით, ევროპელ პარტნიორებთან ინტენსიური და დინამიური ურთიერთობები, და ზოგადად, ამ კუთხით საქართველოს პრემიერ-მინისტრის აქტიურობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და საქართველოს საგარეო პოლიტიკის ორი პრიორიტეტის - კერძოდ, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით თავის ღირებულ შედეგს მოიტანს.
2023 წლის 24 აპრილს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს (FAC) სხდომის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან და წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამართულ შეხვედრას დაესწრო.
შეხვედრაზე ევროკავშირის გაფართოება და საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა, ასევე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.