2025 წლის 1 ივლისს, ქ. თბილისში გაიმართა საქართველოსა და იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის რიგით მე - 14 პოლიტიკური კონსულტაციები.
საქართველოს მხრიდან კონსულტაციებს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი უძღვებოდა, იაპონიის მხრიდან კი ევროპულ საქმეთა გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელი მასაკი იშიკავა.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობების ფართო სპექტრი, როგორც ორმხრივ, ასევე, მრავალმხრივ ფორმატებში. აღინიშნა მთავრობებს შორის არსებული დადებითი თანამშრომლობის მზარდი დინამიკა და გამოითქვა ურთიერთმხარდაჭერის მზაობა.
იაპონიის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
კონსულტაციების ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის მნიშვნელობას, ორმხრივ თანამშრომლობას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მიმართულებით, არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას და სამომავლო პერსპექტივებს, ტურიზმის სექტორში თანამშრომლობას და ხალხთა შორის კავშირების გაძლიერებას.
შეხვედრის ფარგლებში, განხილულ იქნა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში არსებული გამოწვევები და უსაფრთხოების საკითხები.
საუბარი შეეხო, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოსა და იაპონიის თანამშრომლობის დადებით პრაქტიკას და მისი გაძლიერების მნიშვნელობას.
იაპონურ მხარეს მიეწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის და გამოწვევების შესახებ.