2026 წლის 2 ივლისს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, სეიედ ალი მოჯანი ყომისთან, რომელიც მიმდინარე წლის იანვრიდან შეუდგა მისიის შესრულებას საქართველოში.
რეგიონში არსებულ ვითარებაზე საუბრისას, ხაზი გაესვა მშვიდობისა და დიპლომატიური ძალისხმევის დიდ მნიშვნელობას.
მინისტრი მიესალმა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის სამშვიდობო მემორანდუმის ხელმოწერას, მიმდინარე მოლაპარაკებებს და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული პროცესი გახდება ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმებისა და კონფლიქტის გრძელვადიანი მოგვარების საწინდარი, რაც ხელს შეუწყობს თანამშრომლობის განვითარებას ფართო რეგიონში.
აღინიშნა ირანის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ხაზი გაესვა დიპლომატიური მისიების როლს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დღის წესრიგზე მუშაობის თვალსაზრისით.