Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის გამართული „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ მერვე რაუნდის ერთობლივი კომუნიკე

"[გაერთიანებული სამეფოს] საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანმა დაადასტურა გაერთიანებული სამეფოს სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მიზნების მიმართ," - ნათქვამია საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის გამართულ „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ მერვე რაუნდის ერთობლივ კომუნიკეში, რომელიც 2023 წლის 10 თებერვალს გამოქვეყნდა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გაერთიანებული სამეფო მიესალმა ევროპული საბჭოს 2022 წლის ივნისის გადაწყვეტილებას საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების შესახებ. ასევე, გამახვილებულია ყურადღება საქართველოს მთავრობის მიერ რეფორმების გატარების პროცესში გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე.

"გაერთიანებული სამეფოს მხარე მიესალმა საქართველოს მთავრობის ერთგულებას იმ რეფორმების მიმართ, რომელთა მიზანია დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, საბაზრო ეკონომიკის მოქნილი ფუნქციონირება, ეკონომიკური ზრდისა და მედეგობის ხელშეწყობა და აღნიშნა ამ მიმართულებით დაფიქსირებული პროგრესი. მსგავსი რეფორმები  საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენს. ორივე მხარემ ხაზგასმით აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პოტენციალის სრულად ათვისება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის  კომპონენტის ჩათვლით, რაც მიზნად ისახავს ევროკავშირში თანმიმდევრულ ინტეგრაციას ევროკავშირის პოლიტიკასა და სტანდარტებთან მეტი თავსებადობის მიღწევის გზით. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ევროკომისიის  მოსაზრებაში განსაზღვრული პრიორიტეტების შესრულების მიზნით საქართველოს მიერ გატარებული ზომების შესახებ." - ნათქვამია დოკუმენტში.

ამასთან, კომუნიკეში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ გაერთიანებული სამეფო განუხრელად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ასევე, არაღიარების პოლიტიკასა და საქართველოს მთავრობის ძალისხმევას კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიმართულებით.

"[გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანი] მიესალმა საქართველოს მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს საქართველოსა და რუსეთს შორის გაფორმებულ „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების“ შესრულებას და კონსტრუქციულ ჩართულობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში. ასევე, დადებითად შეაფასა  საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში -  მცხოვრები მოსახლეობის მიმართ საქართველოს მთავრობის ძალისხმევა შერიგებისა და ჩართულობის კუთხით, მათ შორის, სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“.

დოკუმენტის მიხედვით, გაერთიანებული სამეფოს მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოზე მორგებულ ნატოს მხარდაჭერის პაკეტისა (TSP) და ნატოს 2022 წლის სტრატეგიული კონცეფციის მიმართ. გაერთიანებული სამეფო ურყევად უჭერს მხარს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის განცხადებას, რომლის მიხედვითაც საქართველო  ნატოს წევრი გახდება. ასევე, გაერთიანებული სამეფო მიესალმა საქართველოს მნიშვნელოვან და ღირებულ კონტრიბუციას საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. გარდა ამისა, აღნიშნულია, რომ გაერთიანებული სამეფო, რუმინეთის საელჩოსთან ერთად, ხდება საქართველოში ნატოს საკონტაქტო საელჩო და ზრდის პირდაპირ  თანამშრომლობას ნატოს გაძლიერებული რეაგირების მიმართულებით.

კომუნიკეში ნათქვამია, რომ "უორდროპის სტრატეგიული დიალოგის" მერვე რაუნდის ფარგლებში, მხარეებმა ვრცლად ისაუბრეს უკრაინაში მიმდინარე ომისა და საქართველოს მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარების შესახებ: "გაერთიანებული სამეფოს მხარე მიესალმა საქართველოს მიერ უკრაინისადმი მხარდაჭერას გაეროს, ეუთოსა და ევროპის საბჭოს ფარგლებში, უკრაინისათვის გაწეულ ჰუმანიტარულ დახმარებას, ასევე, საკუთარ ტერიტორიაზე იძულებით გადაადგილებულ პირთა მსგავსად, საქართველოში მყოფი უკრაინელი ლტოლვილების  მიმართ აღმოჩენილ დახმარებას."

ასევე, დოკუმენტის მიხედვით, სტრატეგიული დიალოგის მერვე რაუნდზე მინისტრებმა განსაკუთრებით აღნიშნეს, რომ  მნიშვნელოვანია  შავი ზღვის რეგიონში გაერთიანებული სამეფოს ჩართულობის შენარჩუნება  პოლიტიკური სტაბილურობისა და  დემოკრატიული ტრანსფორმაციის  მხარდაჭერის გზით, რაც ხელს შეუწყობს   უსაფრთხოების ყველა განზომილებაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლას.

გარდა ამისა, ხაზგასმით აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო კავშირების შემდგომი განვითარება  თავისუფალი სავაჭრო სივრცით გათვალისწინებული უპირატესობების გამოყენების გზით, განსაკუთრებით, უკრაინაში მიმდინარე ომის კონტექსტში და კოვიდ-19-ის პანდემიის დასრულების შემდეგ გლობალური ვაჭრობისა და ინვესტიციების სფეროში მიმდინარე აღდგენის პროცესის ფონზე. 

"გაერთიანებულმა სამეფომ კვლავ გამოხატა მზადყოფნა, ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას. იგი კმაყოფილებით განაგრძობს  საქართველოს მთავრობასა და ბიზნესსაზოგადოებას შორის ღია დიალოგის მხარდაჭერას ინვესტორთა საბჭოს მეშვეობით" - ნათქვამია დოკუმენტში.

კომუნიკეს მიხედვით, შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს სატრანზიტო როლი, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია რეგიონში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე.
"ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა ქვეყნის შესაძლებლობაზე, გახდეს ევროპისა და აზიის უმოკლესი გზით დამაკავშირებელი ციფრული სატრანზიტო დერეფანი და მიმზიდველი ადგილი რეგიონული საინფორმაციო ცენტრების განვითარების კუთხით. გაერთიანებული სამეფო მიესალმა საქართველოს ძალისხმევას და ხაზი გაუსვა აღნიშნული პროექტების განხორციელების მნიშვნელობას".

აღსანიშნავია, რომ "უორდროპის სტრატეგიული დიალოგის" მერვე რაუნდი 2023 წლის 26 იანვარს ლონდონში გაიმართა. მას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანი ჯეიმს კლევერლი უძღვებოდნენ.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები