2023 წლის 31 აგვისტოს, თურქმენეთის ახლადდანიშნულმა ელჩმა დოვლეტმირატ სეიტმამედოვმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ალექსანდრე ხვთისიაშვილს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა, რის შემდეგაც გაიმართა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა.
მინისტრის მოადგილემ მიულოცა ელჩს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება და უსურვა წარმატებები მომავალ საქმიანობაში.
შეხვედრაზე მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველო-თურქმენეთს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და მაღალი დონის თანამშრომლობა, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების გამართვის მნიშვნელობაზე და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურების აუცილებლობაზე. აღინიშნა გასულ წელს თურქმენეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის და ასევე, მიმდინარე წელს ქ. თბილისში გამართული საქართველო-თურქმენეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის დადებითი შედეგები.
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა თურქმენეთის პატივისცემა და მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას.