2023 წლის 18-19 ივლისს, ქ. ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის რიგით მე-8 სხდომა გაიმართა. სხდომას, როტაციის პრინციპის შესაბამისად, საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის (EEAS) რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიისა და ეუთო-ს დირექტორატის ხელმძღვანელი ლუკ დევინი გაუძღვა, ხოლო საქართველოს მხრიდან სხდომას თანა-თავმჯდომარეობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, თეიმურაზ ჯანჯალია. ასოცირების კომიტეტის სხდომაში მონაწილეობა მიიღეს ასევე სხვა სახელმწიფო უწყებებისა და პარლამენტის წარმომადგენლებმა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, პირად მონაცემთა დაცვის სამსახურისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, ასევე ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ევროკომისიის წარმომადგენლებმა.
სხდომაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრი ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის კონტექსტში, რომლის ნაწილი საქართველო ევროპული პერსპექტივის აღიარების შემდეგ გახდა. თავის შესავალ სიტყვაში მინისტრის მოადგილემ თ. ჯანჯალიამ ხაზი გაუსვა საქართველოს მოლოდინს, რომ წლის ბოლოს ქვეყანა დამსახურებულად მიიღებს კანდიდატის სტატუსს და ევროკავშირში გაწევრიანების შემდგომ ეტაპზე გადავა. ევროკავშირის მხრიდან კიდევ ერთხელ ხაზგასმით დაფიქსირდა მზაობა, მხარი დაუჭირონ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.
ორივე მხრიდან აღინიშნა რეფორმების გატარების მნიშვნელობა და შეფასდა ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი ასოცირების შეთანხმების, ასევე ევროკომისიის მიერ გასული წლის ივნისში საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით მომზადებულ მოსაზრებაში გაწერილი 12 პრიორიტეტის განხორციელების კუთხით. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს მიერ ბოლო ერთი წლის მანძილზე განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმები ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა დემოკრატიის კონსოლიდაცია, საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესება, საჯარო მმართველობის გაძლიერება და სახელმწიფო ინსტიტუციების ფუნქციონირება, სასამართლო რეფორმა და ადამიანის უფლებების დაცვა, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან წარმატებული თანამშრომლობის გაგრძელება, დამოუკიდებელი ანტი-კორუფციული ბიუროს გაძლიერება და სხვა.
სხდომაზე ხაზი გაესვა საქართველოს ევროკავშირში ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციის ხელშეწყობას, რაც ქვეყნის მოსახლეობას ეტაპობრივად მნიშვნელოვან სარგებელსა და სიკეთეებს მოუტანს და ქვეყანას რეალურად მოამზადებს ევროკავშირის წევრობისთვის. ამ კონტექსტში, მინისტრის მოადგილემ თ. ჯანჯალიამ ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ ევროს ერთიანი გადახდისა და როუმინგის ერთიან სივრცეებში გაწევრიანებაზე გაკეთებულ განაცხადებს და ამ საკითხებზე ევროკომისიასთან მიმდინარე ინტენსიურ კონსულტაციებს. სხდომის ფარგლებში საუბარი შეეხო საქართველოს გაუმჯობესებულ მაკრო-ეკონომიკურ მაჩვენებლებს, სტატისტიკის სფეროში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებს, რითაც ქვეყნის სტატისტიკის სისტემა ეტაპობრივად უახლოვდება ევროკავშირის სტანდარტებს; მცირე და საშუალო საწარმოთა ხელშეწყობისთვის ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ძალისხმევას და ევროკავშირის დახმარების პროგრამებს; დაკავშირებადობის სფეროში საქართველოს სტრატეგიულ ფუნქციას და შავი ზღვის დაკავშირებადობის პოტენციალის ათვისების მიზნით მიმდინარე სამუშაოებს, მათ შორის შავი ზღვის ელექტროკაბელისა და ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის პროექტებისთვის კონკრეტული კვლევების წარმოებას, ასევე შუა დერეფნისა და შავ ზღვაზე საბორნე მიმოსვლის მაქსიმალური ამოქმედებისთვის დაგეგმილ ნაბიჯებს; საქართველოში განახლებადი მწვანე ენერგიის წარმოების გეგმებს; ქვეყნის ძალისხმევას კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში და ამ კუთხით ევროკავშირის პოლიტიკასთან დაახლოებისთვის გადადგმულ ნაბიჯებს; სამოქალაქო თავდაცვის სფეროში ევროკავშირის შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობის გაძლიერებას; მეცნიერებისა და განათლების დარგში თანამშრომლობის გაღრმავებას, განსაკუთრებით ევროკავშირის პროგრამებში საქართველოს წარმატებულ მონაწილეობასა და ქ. თბილისში აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის ფუნქციონირებას, რომელიც უკვე დამკვიდრდა როგორც საქართველოსა და ევროკავშირის ერთობლივი წარმატებული პროექტი; საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგის მხარდაჭერას და ქვეყანაში ევროპული სტანდარტების შესაბამისი შრომითი უფლებების დამკვიდრებისთვის განხორციელებულ ძალისხმევას და ამ მხრივ შრომის ინსპექციის წარმატებულ ფუნქციონირებას.
ასოცირების კომიტეტის შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის მიზნით მუშაობის გააქტიურებას ევროკავშირის მხარდაჭერით. ევროკავშირის მხრიდან ხაზი გაესვა საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერას. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებაზე, განსაკუთრებით უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის ფონზე. საუბარი შეეხო რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის პროცესში ევროკავშირის როლს, მათ შორის ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ფუნქციონირების, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში თანათავმჯდომარეობისა და არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების გზით. განხილულ იქნა ასევე საქართველოს სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ მიმდინარეობა. მხარეებმა ასევე მიმოიხილეს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები, მათ შორის ევროკავშირის სტრატეგიული კომპასით გათვალისწინებული პრიორიტეტების შესაბამისად. ქართული მხრიდან ხაზი გაესვა ევროპის სამშვიდობო ინსტრუმენტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობებისა და მედეგობის გაძლიერებისთვის ევროკავშირის მიერ გაწეულ მნიშვნელოვან მხარდაჭერას.
ასოცირების კომიტეტი საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ერთ-ერთი ფორმატია, რომელიც ასოცირების შეთანხმებით არის გათვალისწინებული და იკრიბება მინისტრის მოადგილეების დონეზე წელიწადში ერთხელ. კომიტეტის ძირითადი მიზანია მხარეების მიერ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი.