2024 წლის 29 აპრილს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ ჯანჯალიამ სამუშაო შეხვედრა გამართა საფრანგეთის სენატის ევროპულ საქმეთა კომიტეტის დელეგაციასთან, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე, ჟან-ფრანსუა რაპენი ხელმძღვანელობდა. შეხვედრისას მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და ისტორიულად მჭიდრო მეგობრულ კავშირებს. შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე.
თეიმურაზ ჯანჯალიამ მადლობა გადაუხადა ფრანგ სენატორებს იმ ძლიერი მხარდაჭერისთვის, რომელსაც საფრანგეთი იჩენს ამ მიმართულებით და გააცნო მათ ხელისუფლების მიერ განხორციელებული კონკრეტული ძალისხმევა რეფორმების პროცესში, მათ შორის ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ძირითადი ნაბიჯების შესრულების კუთხით. თავის მხრივ, ჟან-ფრანსუა რაპენმა დაადასტურა საფრანგეთის მზაობა, მომავალშიც შეუწყოს ხელი საქართველოს გაწევრიანების პროცესს. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა, გააგრძელონ მჭიდრო თანამშრომლობა.