Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

მაკა ბოჭორიშვილი: უამრავი გამოწვევის მიუხედავად, საქართველომ გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის წყალობით  ეკონომიკის სტაბილურობა და სიჯანსაღე შეინარჩუნა 

მაკა ბოჭორიშვილი: უამრავი გამოწვევის მიუხედავად, საქართველომ გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის წყალობით  ეკონომიკის სტაბილურობა და სიჯანსაღე შეინარჩუნა 
 
უამრავი გამოწვევის მიუხედავად, საქართველომ გონივრული ეკონომიკური პოლიტიკისა და ფინანსური დისციპლინის წყალობით, შევინარჩუნეთ ეკონომიკის სტაბილურობა და სიჯანსაღე; 2021 წელს დაფიქსირდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ხოლო გასული ოთხი წლის განმავლობაში - საშუალოდ 9.7%-იანი ზრდა,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, მდგრადი განვითარების დაფინანსების საკითხებზე გაეროს მე-4 საერთაშორისო კონფერენციის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
 
თავის გამოსვლაში მაკა ბოჭორიშვილმა კონფერენციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მდგრადი განვითარების დაფინანსების საკითხებზე გაეროს კონფერენცია კარგი შესაძლებლობაა, ქვეყნებმა წარმოაჩინონ მრავალმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობა, დამატებითი მუხტი შესძინონ მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებისკენ მიმართულ ერთიან ძალისხმევას, და უზრუნველყონ, რომ არავინ დარჩეს პროცესს მიღმა.
 
საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ესპანეთის სამეფოს მთავრობას მნიშვნელოვანი ღონისძიების მასპინძლობისთვის.

„ უდიდესი პატივია, საქართველოს სახელით, ამ უმნიშვნელოვანეს კონფერენციაში მონაწილეობა, განსაკუთრებით, საერთაშორისო საზოგადოებისთვის ასეთ გარდამტეხ ეტაპზე. დღესდღეობით, მსოფლიო ფინანსური არქიტექტურა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. პანდემიის გახანგრძლივებული გავლენა, მიმდინარე კონფლიქტები, მზარდი უთანასწორობა, ჰუმანიტარული კრიზისები, სასურსათო უსაფრთხოების არარსებობა და კლიმატის ცვლილება მნიშვნელოვნად აფერხებს 2030 წლის დღის წესრიგის შესრულებას.
უამრავი გამოწვევის მიუხედავად, საქართველომ გამოავლინა დიდი სიმტკიცე. გონივრული ეკონომიკური პოლიტიკისა და ფინანსური დისციპლინის წყალობით, ჩვენ შევინარჩუნეთ ეკონომიკის სტაბილურობა და სიჯანსაღე.
ქვეყნის ეკონომიკური ზრდა ფართომასშტაბიან ხასიათს ატარებს და მიღწეულ შედეგები განპირობებულია ვაჭრობის, მშენებლობის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, ტრანსპორტისა და მომსახურების სფეროებში მიღწეული  თვალსაჩინო შედეგებით" - განაცხადა მინისტრმა. 
 
მისი თქმით სწრაფი აღდგენის ტენდენციები ფიქსირდება ტურიზმის სექტორშიც   - 2024 წელს მიღებულმა შემოსავალმა პანდემიამდე არსებულ მაჩვენებელს 35%-ით გადააჭარბა და ზრდა 2025 წელსაც გრძელდება.
 
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, საქართველო გამოირჩევა მნიშვნელოვანი პროგრესით და მიმზიდველ საინვესტიციო კლიმატით, რასაც მისი სტაბილური სამართლებრივი სისტემა და ბიზნეს გარემო განაპირობებს.
 
„სახელმწიფო ბიუჯეტის გამჭვირვალობის თვალსაზრისით, საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს „საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობის“ მიერ ჩატარებული „ღია ბიუჯეტის 2023 წლის კვლევის“ თანახმად.
ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო მსოფლიო რეიტინგში 35-ე ადგილზეა და წინ უსწრებს ევროკავშირის 7 წევრ სახელმწიფოს „ჰერიტიჯ ფაუნდეიშენის“ მონაცემების შესაბამისად.

მსოფლიო ბანკის 2024 წლის რეიტინგში „ბიზნესისთვის მზაობა“ - საქართველო 50 ქვეყანას შორის პირველ სამეულშია“,- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
  
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, მიუხედავად უსაფრთხოების სერიოზული გამოწვევებისა და რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების  უკანონო ოკუპაციისა, საქართველომ შეძლო, მიეღწია წინსვლისთვის და ქვეყანა მტკიცედ უჭერს მხარს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას, სუვერენიტეტის განმტკიცებასა და რეგიონული სტაბილურობის ხელშეწყობას.
 
„ ჩვენ კვლავაც მოწოდებულნი ვართ განვაგრძოთ სტრუქტურული რეფორმები,  მათ შორის, სავაჭრო ბაზრების დივერსიფიკაციის, რეგიონული სავაჭრო დაკავშირებადობის გაუმჯობესების, კაპიტალის ბაზრის განვითარების მხარდაჭერისა და ენერგოუსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით.
 
ბოლო წლებში ჩვენ აქტიურად ვუზიარებთ ჩვენს გამოცდილებას განვითარებად და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებს - განსაკუთრებით კორუფციასთან ბრძოლის, ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის, საგადასახადო და საბაჟო სისტემების გაუმჯობესების სფეროებში.

საქართველო მომავალშიც მზად არის, მჭიდროდ ითანამშრომლოს საერთაშორისო საზოგადოებასთან, რათა ხელი შევუწყოთ ეფექტიანი და ინკლუზიური გლობალური ფინანსური სისტემის ჩამოყალიბებას“,- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
 
საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ  განვითარების დაფინანსების მეოთხე კონფერენცია (FfD) მხოლოდ პროგრესის შემაჯამებელ პლატფორმად არ უნდა დარჩეს და  მან მნიშვნელოვანი ბიძგი უნდა მისცეს შემდგომ ქმედებებს.

მინისტრის თქმით, საქართველო მზად არის, შეასრულოს თავისი როლი და ითანამშრომლოს ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა ფინანსურმა სისტემებმა უზრუნველყონ არა მხოლოდ ეკონომიკური ზრდა, არამედ ინკლუზიური და მდგრადი განვითარება ყველასთვის.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები