2023 წლის 24 აგვისტოს საქართველოში ნორვეგიის ახლადდანიშნულმა ელჩმა, ბერგლიოტ ჰოვლანდმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ალექსანდრე ხვთისიაშვილს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა.
ცერემონიის შემდეგ გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის მზარდი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.
ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და ნორვეგიას შორის მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს და მადლობა გადაუხადა ნორვეგიულ მხარეს საქართველოს სოციო-ეკონომიკური მოდერნიზაციისა და დემოკრატიული ტრანსფორმაციის პროცესში შეტანილი მრავალწლიანი წვლილისთვის, მათ შორის განვითარების სფეროში თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში.
თავის მხრივ, ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ნორვეგიის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური მომავლისადმი.
ამასთან, ელჩმა ქართულ მხარესთან ინტენსიური თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა. ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებთან ერთად, შეხვედრაზე განსაკუთრებულად იქნა აღნიშნული ხალხთაშორისი კავშირების განმტკიცების მნიშვნელობა.
ამ კონტექსტში ბეგლიოტ ჰოვლანდმა კმაყოფილებით აღნიშნა ნორვეგიაში ქართული ღვინის მიმართ ბოლო წლებში არსებული მზარდი ინტერესი.
შეხვედრის დასასრულს მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ მიულოცა ნორვეგიელ დიპლომატს ელჩის თანამდებობაზე დანიშვნა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.