2023 წლის 19 – 26 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია, რეგიონული ტურნეს ფარგლებში, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის რამდენიმე ქვეყანაში. დელეგაციაში შედიოდნენ სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის დირექტორი გიორგი დოლიძე და საერთაშორისო ორგანიზაციების დირექტორი შალვა ცისკარაშვილი.
რეგიონული ტურნეს დასაწყისში, 19 მაისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია სურინამის რესპუბლიკას ეწვია. ამ ვიზიტის ფარგლებში, ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის გაიმართა ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მესამე რაუნდი, დეპარტამენტის დირექტორების დონეზე. სურინამის წარმომადგენლობას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა, საერთაშორისო ბიზნესისა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ორმხრივი ურთიერთობების დირექტორის მოადგილე, საჩი სოეხოე. აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი სურინამის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მირიამ მაკინტოშმა გახსნა.
22 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ჩავიდა მექსიკის შეერთებულ შტატებში, სადაც გაიმართა ორი ქვეყნის საგარეო უწყებების ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების რიგით მეოთხე რაუნდი, დეპარტამენტის დირექტორების დონეზე. კონსულტაციებზე მექსიკის დელეგაციას ხელმძღვანელობდა პოლიტიკური დაგეგმარებისა და G20-ის გენერალური დირექტორი, ევროპის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჯენიფერ ფელერი. კონსულტაციების შემდეგ გაიმართა აუდიენცია მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, კარმენ მორენო ტოსკანოსთან. ქართული მხრიდან შეხვედრებში ასევე მონაწილეობდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მექსიკის შეერთებულ შტატებში, ზაზა გაბუნია.
24 მაისს საქართველოს დელეგაცია დომინიკის რესპუბლიკას ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა პოლიტიკური კონსულტაციების პირველი რაუნდი საქართველოსა და დომინიკის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის, დეპარტამენტების დირექტორების დონეზე. დომინიკის მხარეს კონსულტაციებზე ხელმძღვანელობდა საგარეო უწყების ევროპასთან ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი საჩენკა ენკარნასიონი.
რეგიონული ტურნეს დასასრულს, 26 მაისს, საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ვიზიტით იმყოფებოდა პანამის რესპუბლიკაში, სადაც გაიმართა საგარეო უწყებათა ორმხრივი კონსულტაციები, დეპარტამენტის დირექტორების დონეზე. შეხვედრაზე პანამის მხარეს ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო პოლიტიკის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ხორხე კორალესი. აღსანიშნავია, რომ საქართველოს დელეგაციას ასევე ჰქონდა შესაძლებლობა, შეხვედროდა პანამის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჟანაინა ტევანი მენკომოსსა და მინისტრის მოადგილეს, ილ დელ კარმენ ოტეროსს.
ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ზემოაღნიშნულ ქვეყნებში გამართულ შეხვედრებზე მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პერსპექტივები. ხაზი გაესვა საგარეო უწყებებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების პერიოდულად გამართვის მნიშვნელობას და მათ როლს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გააქტიურების კუთხით. განსაკუთრებით გამახვილდა ყურადღება მეგობრული ურთიერთობების გააქტიურების მიზნით განხორციელებული მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ არსებობს პოლიტიკის, ვაჭრობის, ეკონომიკის, კულტურისა და განათლების სფეროებში ჩამოყალიბებული კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების პოტენციალი. ამ კუთხით, ხაზი გაესვა, რომ სხვადასხვა სფეროში მხარეთა თანამშრომლობის გაღრმავებისათვის მნიშვნელოვანია სამართლებრივი ბაზის გაფართოება. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საკანონმდებლო ორგანოებს შორის მიმდინარე თანამშრომლობის გააქტიურების აუცილებლობაზეც. საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლებმა ვრცლად ისაუბრეს მრავალმხრივი თანამშრომლობის შესახებ, განიხილეს საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები და ხაზი გაუსვეს ამ მხრივ არსებულ წარმატებულ გამოცდილებას. ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ზემოხსენებულმა ქვეყნებმა დაადასტურეს თავიანთი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
შეხვედრებზე მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონალურ და გლობალურ დონეზე საერთაშორისო დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები, ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია და დააფიქსირეს შესაბამისი პოზიცია აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიისა და ამერიკის კონტინენტზე მიმდინარე მოვლენების თაობაზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა უცხოელ კოლეგებს გააცნეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქართულ ტერიტორიებზე შექმნილი მძიმე მდგომარეობა და, ამ კონტექსტში, რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებები, მათ შორის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლებმა გამოხატეს მზადყოფნა, ქმედითი ნაბიჯების გადადგმისთვის, ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიზნით.