Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

მაკა ბოჭორიშვილი: „ეუთოს გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოში მნიშვნელოვანი გზავნილი და ნაბიჯია“

„ეუთოს გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოში მნიშვნელოვანი გზავნილი და ნაბიჯია“ - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ეუთოს გენერალურ მდივანთან, ფერიდუნ სინირლიოღლუსთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში. მისი თქმით აღნიშნული ვიზიტი და გენერალურ მდივანთან გამართული რამდენიმე შეხვედრა ხაზს უსვამს ეუთო-სთან თანამშრომლობის მნიშვნელობას.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები. აღინიშნა, რომ საქართველოს ორი რეგიონი - აფხაზეთი და ცხინვალი - კვლავაც რუსეთის მიერაა ოკუპირებული, რის შედეგადაც დარღვეულია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა.

„საქართველოს საკითხზე მსჯელობა ეუთოს ფარგლებში უნდა გაგრძელდეს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადასაჭრელად. ჩვენ ვაფასებთ ეუთოს ჩართულობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ეფექტიან ფუნქციონირებას. შესაბამისად, საჭიროდ მიგვაჩნია გალის მექანიზმის უპირობო განახლება. ასევე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო მექანიზმებზე წვდომის უზრუნველყოფა. საქართველოს სურს რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა. შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის სიმტკიცეს“, - განაცხადა მინისტრმა, მან მადლობა გადაუხადა გენერალურ მდივანს ვიზიტის ფარგლებში საოკუპაციო ხაზის მონახულებისა და ადგილზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარების გაცნობისთვის.
 
მან ასევე აღნიშნა, საქართველო, როგორც  ეუთო-ს მონაწილე  ქვეყანა,  დიდ მნიშვნელობას ანიჭებს  ევროპის უსაფრთხოებასა და თანამშრომლობაზე ზრუნვას და მიაჩნია, რომ ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოები უნდა დარჩნენ საერთაშორისო სამართლისა და ორგანიზაციის პრინციპების ერთგული.
 
როგორც მინისტრმა აღნიშნა, შეხვედრაზე ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას. ხაზი გაესვა ამ კუთხით საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას, მათ შორის თბილისში სამი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის გამართულ პირველ შეხვედრას. „მოხარული ვარ, რომ გასულ კვირას თბილისში გაიმართა სამმხრივი შეხვედრა საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის და იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენ შევძლებთ სამმხრივ ფორმატში თანამშრომლობას რეგიონის კეთილდღეობისთვის“-განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა და აღნიშნა, რომ საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს რეგიონალური თანამშრომლობის გაძლიერებას.
 
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ საქართველო პატივს სცემს ეუთოს დამოუკიდებელ ინსტიტუტებს, მათ მუშაობას და განაცხადა, რომ მიუღებელია ზოგიერთი აქტორის მცდელობა ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, ეს ინსტიტუტები პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოიყენოს ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ.

„ საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ დაუდასტურებია საკუთარი ნდობა ეუთოსა და მისი ინსტიტუტებისადმი. ამის დასტურია გასულ წელს საპარლამენტო არჩევნების დასაკვირვებლად ეუთო/ოდირის მოწვევა და მისიის საქმიანობის განხორციელებისთვის მაქსიმალური ხელშეწყობა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ოდირის რეკომენდაციები და მზად ვართ თანამშრომლობისთვის მათ შესასრულებლად,“ - განაცხადა მინისტრმა.

მაკა ბოჭორიშვილმა მადლობა გადაუხადა სტუმარს საქართველოში ვიზიტისთვის, ქვეყნის მხარდაჭერისა და აქტიური თანამშრომლობისთვის.
 
თავის მხრივ ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, ვიზიტით მას სურს  ხაზი გაუსვას ეუთოს მხარდაჭერას როგორც საქართველოს, ასევე  რეგიონის მიმართ. „ვაფასებთ ჩვენს ხანგრძლივ პარტნიორობას საქართველოსთან.   ინციდენტების პრევენციის და რეაგირების მექანიზმი უკვე 16 წლისაა - ეს გახლავთ მექანიზმი, რომელიც რეგულარულად იკრიბება ერგნეთში და წარმოადგენს მკაფიო მაგალითს იმისა , თუ რაოდენ მნიშვნელოვანი შედეგები მოაქვს დიალოგს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც კონფლიქტურ რეგიონებში ცხოვრობენ. ჩვენს მიერ ევროკავშირთან და გაეროსთან ჩატარებული სამუშაო ცხადყოფს,  რომ ჩვენი ეფექტური და მრავალმხრივი ჩართულობა ხელს უწყობს მედიაციას. დღეს მე ვესტუმრები ოძისს, რათა თავად შევაფასო კონფლიქტის განგრძობადი ზემოქმედება. ჩვენი ჩართულობა არის და იქნება განპირობებული ადგილზე მყოფი ადამიანების საჭიროებებით.  სტაბილურობა საქართველოში არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როგორც საქართველოს მოსახლეობისთვის, ასევე მთლიანად რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის. ეუთოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა უკვე ათეულ წლებს ითვლის. კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ გვინდა საქართველოს დავეხმაროთ როგორც შიდა, ისე გარე გამოწვევების დაძლევაში. მინდა დავარწმუნო საქართველოს ხელისუფლება, რომ ჩვენი ორგანიზაცია კვლავ გაუწევს ექსპერტულ მომსახურებას და მხარდაჭერას. მადლობას გიხდით ეუთოს პრინციპების ერთგულებისთვის“-განაცხადა ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები