2026 წლის 27 მაისს, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს დიპლომატიის აკადემიის შექმნას.
საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც აერთიანებს „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" და “უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტებს, პლენარულ სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ წარადგინა.
პლენარულ სხდომამდე, საკანონმდებლო პაკეტი განხილულ იქნა განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდულ საქმეთა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებზე.
ხათუნა თოთლაძემ ისაუბრა დიპლომატიის აკადემიის შექმნის მიზანზე, პროგრამებსა და სტრუქტურაზე და აღნიშნა, რომ სუვერენული საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელებისთვის, აუცილებელია გამართული, ძლიერი და ეფექტური დიპლომატიური სამსახური, სადაც გამოცდილ დიპლომატებთან ერთად ახალგაზრდა პროფესიონალები მუშაობენ.
მისივე განმარტებით, დიპლომატიის აკადემიის დაარსება აპრობირებული პრაქტიკაა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, აკადემიები, როგორც უმაღლესი სასწავლებლები ან კვლევითი ცენტრები, საგარეო საქმეთა სამინისტროების ქოლგის ქვეშ, ფუნქციონირებენ.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, დიპლომატიის აკადემიის დაარსების მიზანი გახლავთ, მოამზადოს მაღალკვალიფიციური კადრები - ანალიტიკური უნარებით, მყარი ეთიკური სტანდარტებითა და ინოვაციური ხედვით; პროფესიონალთა ახალი თაობა, რომელიც ენთუზიაზმითა და ერთგულებით ჩაერთვება დიპლომატიურ სამსახურში და შეძლებს ცვალებად გეოპოლიტიკურ გარემოში, საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას.
დიპლომატიის აკადემია ახალგაზრდებს შესთავაზებს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს და მისცემს შესაძლებლობას მიიღონ თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი ცოდნა პოლიტიკური მეცნიერებების და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით.
საკანონმდებლო პაკეტის მეორე და მესამე მოსმენა 28 მაისს გაიმართება.