მიმდინარე წლის 15 იანვარს, ამერიკული მხარის ინიციატივით, გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას შეხვედრა, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელ, ალან პარსელთან.
შეხვედრისას ამერიკულმა მხარემ მინისტრის მოადგილეს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილების თაობაზე, რომელიც ეხება კონკრეტული კატეგორიის ვიზების წარმოების დროებით შეჩერების საკითხს.
კერძოდ, ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა განმარტა, რომ მსოფლიოს 70-ზე მეტი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო საქმის წარმოების შეჩერება ეხება მხოლოდ საიმიგრაციო ტიპის ვიზებს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული არ ვრცელდება ვიზებზე, რომელიც სხვა მიზნებისთვის გაიცემა.
შეხვედრის ფარგლებში, ასევე, განხილულ იქნა როგორც ორმხრივი და მრავალმხრივი საკითხები, ისე რეგიონში მიმდინარე მოვლენები.