2025 წლის 21 მაისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ მონაწილეობა მიიღო ისრაელის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის 77-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში და სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას.
ხათუნა თოთლაძემ ებრაელ ხალხს მიულოცა ეროვნული დღესასწაული და ისაუბრა იმ სამაგალითო ურთიერთობაზე, რომელიც მრავალი საუკუნეა არსებობს საქართველოსა და ისრაელს შორის. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა ქართული საზოგადოების განუყოფელი ნაწილის - ებრაეული თემის მდიდარ მემკვიდრეობას საქართველოში და მის როლს ქვეყნის კულტურულ, სამოქალაქო თუ ეკონომიკურ განვითარებაში.
„ამ ღრმა ისტორიულმა კავშირმა საფუძველი ჩაუყარა დღევანდელ მჭიდრო და კონსტრუქციულ პარტნიორობას ჩვენს სახელმწიფოებს შორის. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ საქართველომ და ისრაელმა სტაბილურად განავითარეს კავშირები მრავალ სექტორში, იქნება ეს ვაჭრობა, ტურიზმი, განათლება, სოფლის მეურნეობა თუ ინოვაციები“ - განაცხადა მან.
მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ თანამედროვე გამოწვევების ფონზე საქართველო მტკიცედ იცავს მშვიდობის, უსაფრთხოების, ურთიერთთანამშრომლობის პრინციპებს. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო გმობს ტერორიზმის ყველა ფორმას და მტკიცედ უჭერს მხარს ისრაელელი ხალხის მშვიდობიან და უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლებას.
დასასრულს, ხათუნა თოთლაძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ორი ქვეყნის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისა და ხალხთა შორის კონტაქტების განმტკიცების სურვილი.