2026 წლის 15 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის ხელმძღვანელობით, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს (CMFA) 52-ე სხდომა გაიმართა (ვიდეოკონფერენციის ფორმატში). აღნიშნული ღონისძიებით, საქართველომ BSEC-ში ექვსთვიანი თავმჯდომარეობა დაასრულა.
შეხვედრაზე, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეაჯამა საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდში გაწეული სამუშაო, მადლობა გადაუხადა წევრ სახელმწიფოებს და ორგანიზაციის მუდმივმოქმედ საერთაშორისო სამდივნოს (BSEC PERMIS) მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის.
BSEC-ის წევრმა სახელმწიფოებმა მაღალი შეფასება მისცეს ორგანიზაციაში საქართველოს თავმჯდომარეობას და აღნიშნეს ქვეყნის მნიშვნელოვანი როლი რეგიონული დაკავშირებადობის გაძლიერების კონტექსტში.
ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ისაუბრა შავი ზღვის, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სტრატეგიული გზაჯვარედინის მნიშვნელობაზე. ყურადღება გამახვილდა დაკავშირებადობის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებში, საქართველოს მონაწილეობით, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, რაც ქმნის ალტერნატივას რეგიონის და ევროპის ეკონომიკური დივერსიფიკაციისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
ხაზი გაესვა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს, კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების საკითხს და ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარებისთვის, მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას.
სხდომის დასასრულს, საქართველომ BSEC-ის თავმჯდომარეობის მანდატი, მომდევნო 6 თვის ვადით, საბერძნეთის რესპუბლიკას ოფიციალურად გადასცა და მხარდაჭერა და მჭიდრო თანამშრომლობის მზადყოფნა დაუდასტურა.