იტალიის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა იტალიელ კოლეგასთან ანტონიო ტაიანისთან. შეხვედრის ფარგლებში ასევე გაიმართა საქართველოსა და იტალიას შორის მაღალი დონის დიალოგის დაწყების შესახებ დეკლარაციის ხელმოწერის ცერემონია.
შეხვედრაზე მინისტრებმა ვრცლად განიხილეს ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხები და მიესალმნენ მაღალი დონის დიალოგის შესახებ დეკლარაციის ხელმოწერას, რაც თვისობრივად ახალ დონეზე გადაიყვანს არსებულ ურთიერთობებს და ხელს შეუწყობს მათ გაღრმავებას.
შეხვედრაზე მინისტრებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგს და ამ მიმართულებით არსებულ პროგრესს. განხილულ იქნა კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეული ძალისხმევა და გადადგმული ნაბიჯები. აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე იტალიის მხრიდან ხაზი გაესვა საქართველოს მისწრაფებების მხარდაჭერას და აღინიშნა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობა.
მინისტრებმა რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების ვითარებაზეც იმსჯელეს. იტალიის მხრიდან აღინიშნა რეგიონის მიმართ მზარდი ინტერესი, როგორც პოლიტიკური,ასევე სავაჭრო-ეკონომიკური თვალსაზრისით.
ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას, მხარეებმა ვრცლად ისაუბრეს საქართველოსა და იტალიას შორის არსებული ეკონომიკური კავშირების შესახებ, დადებითად შეაფასეს იტალიური ინვესტიციებისა და იტალიური კომპანიების მზარდი მაჩვენებელი საქართველოში და გამოხატეს დაინტერესება მიმართონ ძალისხმევა ბიზნეს წრეების კიდევ უფრო დასაახლოებლად.
მინისტრები ასევე მიესალმნენ ქვეყნებს შორის კულტურისა და ხალხთა შორის კავშირების მიმართულებით აქტიურ თანამშრომლობას.