6 დეკემბერს, ირლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილესთან, ბრაინ ფლინთან შეხვედრისას, განხილულ იქნა ორმხრივი ურთიერთობების მიმდინარე დღის წესრიგი. მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის ირლანდიაში ვიზიტის შედეგების იმპლემენტაციის მნიშვნელობას და აღნიშნეს, რომ ეს ხელს შეუწყობს თანამშრომლობის ახალი, პერსპექტიული მიმართულებების გამოკვეთას.
ასევე, ყურადღება გამახვილდა საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის რეგულარული პოლიტიკური კონსულტაციების მნიშვნელობაზე.
ირლანდიის საკანონმდებლო ორგანოში გამართულ ერთობლივ შეხვედრაზე, რომელშიც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჩარლი ფლაგანი, მეგობართა ჯგუფის წარმომადგენლები და კომიტეტის სხვა წევრები მონაწილეობდნენ, ხაზი გაესვა აქტიურ საპარლამენტო თანამშრომლობას, რაც ორმხრივი ურთიერთობების ქვაკუთხედს წარმოადგენს.
თეიმურაზ ჯანჯალიამ კმაყოფილებით აღნიშნა ირლანდიის პარლამენტის მიერ საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციების მიღების პრაქტიკა და გამოთქვა იმედი, რომ ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება.
ასევე, შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, რომელიც მკვეთრად დამძიმდა რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული სამხედრო აგრესიის ფონზე.
თეიმურაზ ჯანჯალიამ ირლანდიურ მხარეს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობის შესახებ. აღინიშნა პარტნიორთა კონსოლიდირებული პოზიციის საჭიროება საერთაშორისო დღის წესრიგში საკითხის აქტუალობის შესანარჩუნებლად და, ამ კუთხით, ირლანდიის შეუქცევადი მხარდაჭერის მნიშვნელობა.
ვიზიტის ფარგლებში, თეიმურაზ ჯანჯალია საჯარო მოხსენებით წარსდგა ირლანდიის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის წინაშე. მან ისტორიული უწოდა ევროკავშირის ლიდერების 2022 წლის ივნისის გადაწყვეტილებას საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის გახსნის თაობაზე, რამაც ქვეყნის მიერ წლების წინ გაკეთებული ცივილიზაციური არჩევანი რეალობად აქცია. მან კომიტეტის დამსწრე საზოგადოებას გააცნო ქვეყნის მიერ გატარებული კომპლექსური ღონისძიებები, რომელთა შედეგადაც ნოემბერში ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე დადებითი რეკომენდაცია გასცა.
თეიმურაზ ჯანჯალიამ გამოთქვა იმედი, რომ დეკემბერში ევროპელი ლიდერები კიდევ ერთ ისტორიულ გადაწყვეტილებას მიიღებენ და საქართველოს მომავალს კიდევ უფრო მჭიდროდ დაუკავშირებენ ევროპული დემოკრატიული ქვეყნების ერთიან ოჯახს.