2025 წლის 6 მარტს, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი გვატემალის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში (რეზიდენციით ქ.ანკარა) ედუარდო ენრიკე ერნანდეს რესინოსს შეხვდა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გვატემალელ დიპლომატს ელჩის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში. შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველო გვატემალას განიხილავს, როგორც მნიშვნელოვან პარტნიორს ცენტრალურ ამერიკაში.
მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების ძირითადი საკითხები, ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ წლების განმავლობაში, საქართველოსა და გვატემალის რესპუბლიკას შორის ნაყოფიერი თანამშრომლობა ჩამოყალიბდა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში, საუბარი წარიმართა ეკონომიკისა და ტურიზმის სფეროებში ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებზე.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებაზე. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა გვატემალის მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის.