2023 წლის 6 ნოემბერს, ქ. ნიუ-დელიში, გაიმართა პოლიტიკური კონსულტაციების მეშვიდე რაუნდი საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის. საქართველოს მხრიდან კონსულტაციებს უძღვებოდა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ინდოეთის მხრიდან – საგარეო საქმეთა სამინისტროს დასავლეთის მდივანი, სანჯაი ვერმა.
კონსულტაციების ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველო-ინდოეთის საერთო ინტერესის მქონე თემების ფართო სპექტრი, არსებული თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მაღალი დონის გაცვლითი ვიზიტების აუცილებლობაზე, ასევე თანამშრომლობის გაღრმავებაზე ვაჭრობისა და ინვესტიციების, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ტურიზმის, ინოვაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების, სოფლის მეურნეობის, კულტურის და განათლების სფეროებში.
ხაზი გაესვა საქართველოსა და ინდოეთის ტრადიციულად მეგობრულ კავშირებს და ურთიერთქმედებას როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღინიშნა 2021 წელს, ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარის თბილისში ვიზიტისა და დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილის საქართველოში ჩამობრძანების ისტორიული მნიშვნელობა.
ზემოაღნიშნულთან ერთად, მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში მიმდინარე პროცესებზე და უსაფრთხოების გარემოზე. ინდოეთის მხარემ დააფიქსირა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა.
2023 წლის 7 ნოემბერს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ასევე მისი ორმხრივი შეხვედრები ინდოეთის ტურიზმის სამინისტროს გენერალურ დირექტორთან, ქალბატონ მანიშა საქსენასთან, კომერციისა და მრეწველობის სამინისტროს დამატებით მდივანთან, ბატონ სატია სრინივასთან და ინდური ავიაკომპანიის IndiGo სპეციალურ დირექტორთან, ბატონ რაჯ კუმარ სინგჰთან.