2023 წლის 27 ოქტომბერს, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა ნორვეგიის სამეფოს ელჩთან, ბერგლიოტ ჰოვლანდთან.
შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ნორვეგიას შორის არსებულ მეგობრულ კავშირებს და მჭიდრო თანამშრომლობას, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში. აღინიშნა, რომ ბოლო პერიოდში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდა პოლიტიკის, თავდაცვის, განათლებისა და კულტურის მიმართულებით.
შეხვედრაზე მხარეები მიესალმნენ ნორდიულ ქვეყნებთან საქართველოს თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას.
ამ კონტექსტში აღინიშნა საქართველო-ნორდიული ფორმატი და მასში ნორვეგიის მონაწილეობის მნიშვნელობა,
ილია დარჩიაშვილმა ნორვეგიის ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, ისევე როგორც ქვეყნის ევროპული მისწრაფებების მიმართ გამოხატული ურყევი მხარდაჭერისთვის. ხაზი გაესვა ნორვეგიის მიერ საქართველოსთვის გაწეულ მნიშვნელოვან დახმარებას.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერგლიოტ ჰოვლანდს საქართველოში ნორვეგიის ელჩად დანიშვნა მიულოცა და კიდევ ერთხელ გამოხატა მზადყოფნა მჭიდრო თანამშრომლობისთვის, ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ინტერესის ყველა სფეროში ურთიერთობების გასაღრმავებლად.