Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 68-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა

2026 წლის 26 ოქტომბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 68-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან ევროკავშირიდან, გაეროდან და ეუთოდან და მათი დელეგაციის წევრებთან. 

საქართველოს მხრიდან შეხვედრას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში (GID) საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, ლაშა დარსალია.

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ გამოწვევებზე. განხილული იქნა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების უკანონო ანექსიისკენ მიმართული ქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს. 

შეხვედრაზე, ასევე, ხაზი გაესვა მოლაპარაკებების ფორმატის ეფექტიანობის უზრუნველყოფისა და არსებით საკითხებზე კონკრეტული პროგრესის მიღწევის აუცილებლობას. 

ამ კონტექსტში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რუსეთის ფედერაციის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაზე, აგრეთვე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხზე.

შეხვედრაზე,  ასევე, აღინიშნა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მნიშვნელობა და გალში მისი აღდგენის აუცილებლობა. 
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 68-ე რაუნდი 2026 წლის 10-11 ნოემბერს, ჟენევაში გაიმართება.

დანართები

    მსგავსი სიახლეები