2023 წლის 31 იანვარს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ ჯანჯალიამ გამართა შეხვედრა მოლდოვის საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან (მინისტრის მოადგილე) რუსლან ბოლბოჩანთან.
მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და მოლდოვას შორის არსებული თანამშრომლობის ფართო სპექტრი, მიესალმნენ მაღალი დონის ვიზიტების აქტიურ დინამიკას და აღნიშნეს პოლიტიკური დიალოგის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობა.
შეხვედრისას თეიმურაზ ჯანჯალიამ და რუსლან ბოლბოჩანმა დაადასტურეს მტკიცე ურთიერთმხარდაჭერა საქართველოსა და მოლდოვის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას გააჩნიათ არა მხოლოდ მსგავსი გამოწვევები, არამედ ასევე საერთო მისწრაფებები ევროინტეგრაციის კუთხით. ამ მიმართებით, მინისტრის მოადგილეებმა გაცვალეს ინფორმაცია წარმოებული სამუშაოსა და მიღწეული პროგრესის შესახებ. აღინიშნა ამ პროცესში ორი ქვეყნის მჭიდრო თანამშრომლობის განსაკუთრებული მნიშვნელობა.
ყურადღება დაეთმო საქართველოსა და მოლდოვას შორის სექტორული კავშირების გაღრმავების პერსპექტივებს, მათ შორის, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განმტკიცების პრიორიტეტულობაზე. ასევე აღინიშნა ორ ქვეყანას შორის აქტიური დიალოგის მნიშვნელობა სატრანსპორტო დერეფნის პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების უზრუნველსაყოფად